აპრილის დასაწყისში, ბორის ტადიჩის გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე, ყველა ექსპერტი არჩევნების ტექნიკურ საკითხების კუთხით გადადგმულ ნაბიჯად თვლიდა. 6 მაისს სერბეთში პარლამენტისა და ადგილობრივი ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და პრეზიდენტმა ტადიჩმა გადაწყვიტა მათთან ერთად საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარებით სახელმწიფო ხარჯები დაეზოგა. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, თუ რა ჯინი გამოუშვა ტადიჩმა პოლიტიკური „ბოთლიდან“.
სლობოდან მილოშევიჩის პოლიტიკური კვარცხლბეკიდან ჩამოგდების შემდეგ სერბეთის პოლიტიკური სპექტრის მრავალვექტორიანი პოლარიზება მოხდა. ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე პროევროპული, ლიბერალური, მემარცხენე-ცენტრისტული, პრორუსული, ნაციონალისტური და მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები გამოჩნდნენ.
რადიკალური პარტიის ლიდერია ვოისლავ შეშელი ამჟამად ჰააგი ტრიბუნალის განსასჯელი, მას სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. შეშელსა და პარტიის დე-ფაქტო ლიდერ ტომისლავ ნიკოლჩს შორის უთანხმოების შედეგად, რადიკალურ პარტიაში განხეთქილება მოხდა და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით „პროგრესული პარტია“ ჩამოყალიბდა, რომელმაც შემდგომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიკავა.
„პროგრესული პარტია“ ცნობილია როგორც ანტიდასავლური და დიდი სერბეთის იდეეის პროპაგანდისტი პოლიტიკური გაერთიანება. პროგრესისტები ერთიანი სერბეთის, სამხედრო ნეიტრალიტეტისა და ქვეყნის შიგნით დეცენტრალიზაციის იდეეის მომხრეებად გამოდიან. პარტიამ 2 წლის წინ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რუსეთის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან - „ერთიანი რუსეთი“. სხვათა შორის, ბოლო ხანებში რუსეთის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები ნიკოლიჩის მხარდასაჭერად თითქმის ღიად გამოდიოდნენ.
პროევროპულ ფლანგზე ლიდერობა ბორის ტადიჩმა და მისმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. ტადიჩი 2004 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის დროს სერბეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნა. ტადიჩი თავისი ზომიერი, პრაგმატული და პროგნოზირებადი ქმედებებით ევროპისა და საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე მოქმედი მთავარი პერსონების სიმპათიებსა და მხარდაჭერას იწვევდა. თუმცა, როგორც ნებისმიერი სერბი, კოსოვოზე სერბეთის სუვერენიტეტის აღდგენას უჭერდა მხარს.
ტადიჩმა ორჯერ (2004, 2008) მოახერხა საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლიჩის დამარცხება. ტადიჩმა მცირე, 10 000 ხმიან უპირატესობას თავის კონკურენტთან არჩევნების პირველ ტურშიც მიაღწია. 6 მაისს ტადიჩს 25.31% (989454 ხმა) ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მაშინ როცა ნიკოლიჩმა 25,05% (979216 ხმა) მიიღო.
იმავე დღეს ჩატარებულ ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებზე ტადიჩის პოლიტიკურმა კოალიციამ „არჩევანი უკეთესი ცხოვრებისათვის“ 67 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, მაშინ როცა ნიკოლიჩის პოლიტიკურმა კოალიციამ „დავძრათ სერბეთი“ 73 მანდატის მოპოვება შეძლო. არადა, წინა 2008 წლის არჩევნების შემდეგ ტადიჩის დემოკრატიული პარტია 250 კაციან პარლამენტში 64 დეპუტატით იყო წარმოდგენილი, მაშინ როცა პროგრესისტებს მხოლოდ 20 დეპუტატი ჰყავდათ.
მიუხედავად ამისა ტომის ნიკოლიჩის პრეზიდენტად არჩევა მაინც მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგან არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე თითქმის ყველა ექსპერტი დარწმუნებული იყო ტადიჩის გამარჯვებაში. მეორე ტურში მან ამომრჩეველთა 51,12% მხარდაჭერა მიიღო. ექსპერტებმა ეს მოვლენა სერბეთის პოლიტიკურ „მიწისძვრად“ მონათლეს.
„სიმბოლური ცვლილება მოხდა, მსგავსი 2000 წლისა, როცა სლობოდან მილოშევიჩმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მაშინ როცა მისმა სოციალისტურმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა“ - განაცხადა სერბმა ანალიტიკოსმა სლობოდან ანტონიჩმა.
სოციოლოგ რატკო ბოჟოვიჩის განცხადებით, „პარადოქსია მაგრამ „სერბეთი ერთ დღეს ერთს უჭერს მხარს, მეორე დღეს კი – მეორეს“
სწორედ ეს საარჩევნო პარადოქსი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში გარკვეული პრობლემები შეიქმნება. ახალი რეალობა პოლიტიკური ძალების ახალ გადანაწილებას გამოწვევს. დიდი კოალიციის შექმნა დღევანდელი რეალობისს მოთხოვნა და საფუძველია.
არჩევნების შედეგების (ელექტორატის პასიურობა და მარცხი) ანალიზი იძლევა იმის საფუძველს მივიჩნოთ, რომ ტადიჩის დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა „სერბეთის გაერთიანებულმა რეგიონებმა“, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და სხვებმა, მეორე ტურში პარტნიორის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.
მაშ ასე - სერბეთს ახალი, რიგით მე-4 პრეზიდენტი ჰყავს.
ტომისლავ ნიკოლიჩი (Томислав Николић) 1952 წლის 15 თებერვალს კრაგუევაცეში დაიბადა.
ნიკოლიჩს ჰყავს ცოლი და ორი ვაჟი.
სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი და იურისტი 1992 წლამდე მშენებლობასა და სამშენებლო ორგანიზაციებში მუშაობდა.
პოლიტიკით იუგოსლავიის დაშლის დროს დაკავდა. ჯერ სახალხო რადიკალურ პარტიაში იყო, ხოლო 1991 წლიდან სერბეთის რადიკალურ პარტიაში გადავიდა, სადაც მალევე თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.
1992 წელს პარლამენტში იქნა არჩეული, სადაც დეპუტატთა რადიკალური ჯგუფის ლიდერი ხდება.
1998 წელს სერბეთის ვიცე-პრემიერი, ხოლო 1999 წელს იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ხდება.
2000 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არცევნებზე მესამე ადგილს იკავებს, ხოლო 2004 და 2008 წლების არჩევნებზე მეორე ადგილზე გადის, უთმობს რა პირველობას ბორის ტადიჩს.
2007 წლის 8 მაისს სახალხო სკუპშინას (პარლამენტი) სპიკერად იქნა არჩეული.
2008 წლის 7 სექტემბერს სერბეთის რადიკალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს და იმავე წლის 21 ოქტომბერს სერბეთის პროგრესულ პარტიას აყალიბებს და მისი ლიდერი ხდება.
ტომისლავ ნიკოლიჩი პოლიტიკის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი.
კარგად ფლობს რუსულ ენას.