უახლეს ისტორიაში შეიქმნა მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ ადეკვატური, პროპორციული ძალა გამოიყენა პრობლემის მოსაგვარებლად

უახლეს ისტორიაში შეიქმნა მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ ადეკვატური, პროპორციული ძალა გამოიყენა პრობლემის მოსაგვარებლად

უახლესი ისტორიის მანძილზე შეიქმნა მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ ადეკვატური, პროპორციული ძალა გამოიყენა პრობლემის მოსაგვარებლად, არ გადაამეტა ძალას და ისე აღკვეთა ძალადობა, რომ არც ერთი ადამიანისთვის ზედმეტი ძალის გამოყენებით არ მიუყენებია ზიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რაც მთავარია, ამ ეტაპზე ბათუმში არის სიმშვიდე და ქალაქი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.

“ეს ინციდენტი და ვანდალიზმის მიუღებელი ფაქტი, რაც ვნახეთ, მოხდა ბათუმის ერთ-ერთი ქუჩაზე და პოლიციამ, ხელისუფლებამ პროპორციული ძალის გამოყენებით აღკვეთა რამდენიმე საათში ის მოვლენები, რაც ჩვენ ვნახეთ”, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ ამ პროცესში, ზოგიერთ შემთხვევაში როგორც შესაძლო ორგანიზატორები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც სავარაუდოდ ჩართული უშუალოდ ძალადობის იმ პროცესში, რომელიც ყველამ ვნახეთ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყველანაირი ზიანი, რაც მიადგა კერძო პირებს და კერძო საკუთრებას, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში იქნება ანაზღაურებული.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, თალაკვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დაიწყო, ხელისუფლება კოორდინირებულად მუშაობდა და პროცესში ჩართული იყო ყველა სათანადო სტრუქტურა.

“გადაწყვეტილებები მიღებული იქნა კანონმდებლობის შესაბამისად და რაც მთავარია, შეიქმნა უახლესი ისტორიის მანძილზე მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ ადეკვატური, პროპორციული ძალა გამოიყენა პრობლემის მოსაგვარებლად, არ გადაამეტა ძალას და ისე აღკვეთა ძალადობა, რომ არც ერთი ადამიანისთვის ზედმეტი ძალის გადამეტებით არ მიუყენებია ზიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მართოს ასეთი ტიპის სიტუაციები ხელისუფლებამ და განსაკუთრებით პოლიციამ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეტალურად ისაუბრა ბათუმში მოვლენების განვითარებაზეც.

“იყო მოთხოვნა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხრიდან, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით, რა მოთხოვნაც ასევე კანონმდებლობის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის ჩარევით ხელისუფლებამ დააკმაყოფილა. როცა დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა და გათავისუფლდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, პროცესი არათუ წყდება, არამედ ესკალაცია გრძელდება და გადადის ვანდალიზმში. აქედან, შესაძლოა, ჩვენ გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეს პროცესი იყო მართული და არავითარი საერთო არ ჰქონდა მშვიდობიან პროცესთან”, - აღნიშნა თალაკვაძემ.