ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესები ვიღაცებისთვის სასიამოვნო იყო, საგანგაშო და არასასიამოვნო ფაქტია

ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესები ვიღაცებისთვის სასიამოვნო იყო, საგანგაშო და არასასიამოვნო ფაქტია

ის, რომ მიმდინარე პროცესები ვიღაცებისთვის სასიამოვნო იყო და ხელებს იფშვნიტავდნენ, რა კარგი რაღაც ხდება, რომ შეიძლება ბათუმი გადაიწვასო, თავისთავად საგანგაშო და არასასიამოვნო ფაქტია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყანასთან ოპოზიციაში ყოფნას.

„თუ რამე ცუდი ხდება სახელმწიფოსთან მიმართებაში, ამ საკითხთან მიმართებაში ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული და ერთმანეთს ნიშანი არ უნდა მოვუგოთ, მითუმეტეს, ყველამ დაინახა, სახელისუფლებო ძალები მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მოვლენები არ გასულიყო ჩარჩოებიდან“, - განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა სამართალდამცველების მოქმედება დაგვიანებული დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ მისი ჩარევა ადექვატური ყოფილიყო და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.

„ჩვენ რომ ეს გაგკვეკეთებინა უფრო ადრე, მაშინ ხელისუფლებას დაადანაშაულებდნენ არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაში. მე მგონია, რომ ის, რაც გაკეთდა ამ შემთხვევაში, იყო ადეკვატური იმ მოვლენებისა, რაც მიმდინარეობდა. თუ მოქალაქეები გამოიჩენენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და მსგავსი ფორმით პროტესტს არ გამოხატავენ, ხელისუფლება არასდროს ჩაერევა აგრესიული ფორმებით მათთან მიმართებაში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.