ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებით მსგავსი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ და წყლის ამღვრევას ტყუილად ცდილობენ, - ასე ეხმაურება ქ. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტს. სიორიძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ ქ. ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა ჩვენს ქალაქში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული და რეალური ინფორმაცია მივაწოდო. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტი, ცალსახად შემიძლია გითხრათ, ნამდვილად რთული და მტკივნეულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქალაქში ყველასთვის კარგად არის ცნობილი კანონისადმი ჩემი დამოკიდებულება. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კანონის წინაშე ყველანი თანაბრად ანგარიშვალდებულნი ვართ და მისი დარღვევა არავის ეპატიება, ვინც არ უნდა იყოს ის. თუმცა თავად ფაქტის შეფასებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ. გამოძიება ყველაფერს გაარკვევს და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაფერი ნათელი გახდება.

რაც შეეხება მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, რომელიც ხელოვნურად ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება კონკრეტული პირების მხრიდან ქალაქის მერიისა და მერის დისკრედიტაციის მიზნით, მერწმუნეთ, რომ არ გამკვირვებია. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელთათვის, ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. მათი ვიწრო, პოლიტიკური აზროვნება ვერ გასცდა უტოპიურ და რეიტინგზე გათვლილ განცხადებებს. იმის მცდელობა, რომ ‘’ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას" იოლად შეძლებდნენ, ამჯერადაც წყალში ჩაეყარათ. ხაზგასმით ვაბობ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებით მსგავსი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ და წყლის ამღვრევას ტყუილად ცდილობენ. მე, როგორც ქალაქის მერი, ყოველთვის მთელი სიმკაცრით მოვითხოვდი და მომავალშიც მოვითხოვ, რომ ქალაქის მერიის ნებისმიერი საქმიანობა კანონის სრული დაცვით განხორციელდეს. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგი გახლავთ, რომ კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით (შპს ‘’პირამიდა’’) აბსოლუტურად ყველა ქმედება კანონის სრული დაცვითაა წარმოებული.

ბოლოს კი ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მალე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დაიწყებს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიუხედავად უსიამოვნო მოვლენებისა, დარწმუნებული ვარ ჩემს თანამოქალაქეებს ვერავინ შეიყვანს შეცდომაში და აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელიც ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობს და თითოეული ჩვენგანი კარგად ხედავს, ვერავინ შეაჩერებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.