ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არ გაიზიარა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იმის შესახებ, რომ დღევანდელ სხდომაზე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ.
დეპუტატ სერგო რატიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ ყოფილა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ისევე როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, უნდა იმსჯელოს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე.
„სრულიად წარმოუდგენელია, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა იმართებოდეს და არ იყოს საუბარი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ჩანს, დილით არ ჰქონდათ მიღებული დავალება ბიძინა ივანიშვილისგან და როცა დავალება არ არის, ეს ადამიანები არიან სრულიად უმოქმედონი. უნდა ყოფილიყო შეფასებები და შემდგომ ქმედებებზე გვემსჯელა, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან პასუხი იყო, რომ კომიტეტის მიღმა, სამუშაო ვითარებაში დავგეგმოთ რაღაცეები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
დეპუტატის შეფასებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება.
„სამოქალაქო მშვიდობა არის ფუძემდებლური ღირებულება. ის, რომ იმ საღამოს არ იყო დაცული ადამიანთა უსაფრთხოება, პირველ რიგში, არის დღევანდელი ხელისუფლების ბრალი საფუძვლებშივე. წლების განმავლობაში ხალისდებოდა მოძალადეობრივი ჯგუფები, მათი ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში; წახალისებული იყო სიძულვილის ენა; ასევე, პრობლემა დღეს არსებული ეკონომიკური და სოციალური ფონი. ყველაფერმა ამან საბოლოო ჯამში, გამოიწვია ეს პროცესები და შემდგომში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლებამ ძალიან სერიოზულად დააგვიანა რეაგირება. რაც შეეხება ბრალდებებს, ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია ცილისწამება ოპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, როცა მათი პასუხისმგებლობაა, ისინი ცდილობენ, პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.