იმას, რაც ბათუმში მოხდა, ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ გაუწევდა და არასწორია ვექტორის ერთი კონკრეტული პირისკენ მიმართვა

იმას, რაც ბათუმში მოხდა, ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ გაუწევდა და არასწორია ვექტორის ერთი კონკრეტული პირისკენ მიმართვა

11-12 მარტის მოვლენებში მერაბ ღოღობერიძის როლი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს - იმას, რაც მოხდა ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ გაუწევდა და არასწორია ვექტორის ერთი კონკრეტული პირისკენ მიმართვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს.

ამასთან, ბესელია ირწმუნება, რომ სრულიად აბსურდულია იმაზე საუბარი, თითქოს ბათუმის მოვლენები სუს-ის ადგილობრივი სამსახურის საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებით არის გამოწვეული. როგორც ბესელია აცხადებს, აღნიშნულ ვერსიას საერთოდ არ განიხილავს სერიოზულად.

ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ბესელიამ ხაზი გაუსვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა და ჩანდა სოლიდარობის ბევრი მსურველი.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ბათუმში მოხდა, იყო აშკარად გამოხატული დანაშაული, ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებით. გამოძიება დაწყებულია და ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი გამოძიება იმისთვის, რომ არა მხოლოდ იდენტიფიცირება მოხდეს იმ პირების, ვინც იმ დღეს ძალადობდნენ, არამედ იმ პირების, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდნენ - ჩვენ კომპლექსური გამოძიების შედეგებს ველოდებით. ადმინისტრაციული პროცედურები მხოლოდ პირველი ეტაპია. მათზე, ვინც სისხლის სამართლის წერით უნდა აგონ პასუხი, გამოძიებამ მტკიცებულებები უნდა შეაგროვოს და მოხდეს ძალიან პრინციპული რეაგირება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე თქმით, პოლიციამ ძალა გამოიყენა იმ დოზით, იმ დროსა და იმ სიჭარბით, რაც მსხვერპლის თავიდან აცილებას გახდიდა შესაძლებელს. როგორც ბესელია აცხადებს, უფრო სწრაფ რეაგირებას, შეიძლება მსხვერპლი მოჰყოლოდა.

“როცა ხელისუფლებისთვის ღირებულია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მას თმენის ვალდებულება აქვს. ჩვენ სრულიად ახალი სტანდარტი და კულტურა ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენების დროს დაიცვას ადამიანის უფლება, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დიდხანს დარჩება ფრაზა არა მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში, არამედ პრაქტიკის თვალსაზრსით, როგორც სამოდელო ნიმუში - “არ ცემო, ხელი არ დაარტყა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.