საინტერესოა, რას განიხილავენ რეგიონებში, როცა პროექტი არ აქვთ - სასაცილო სიტუაციამდე შეიძლება მივიდნენ

საინტერესოა, რას განიხილავენ რეგიონებში, როცა პროექტი არ აქვთ - სასაცილო სიტუაციამდე შეიძლება მივიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კამპანიას არც იურიდიული, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს.

მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომელიც დღეს თელავიდან იწყება.

დეპუტატს არ ესმის, თუ რას განიხილავენ რეგიონებში, ვინაიდან მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების პროექტი არ აქვს.

”რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პარალელური პროცესი, რომელსაც არ გააჩნია არც იურიდიული, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ლოგიკა. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად მიმდინარეობს საკონსტიტიციო კომისიის მუშაობა, სადაც გარკვეულ შედეგებამდე ვართ უკვე მისული. მათ აქვთ საშუალება ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, მათი სამი ადგილი ამ კომისიაში არის. მოვუწოდებ, ვთხოვ კიდეც, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და რეალურად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციის გადასინჯვაში, რათა ერთად მივიდეთ ხელშესახებ ცვლილებებამდე. უკვე ღიმილის მომგვრელია მათი რიტორიკა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, ეს არის კანონით გაწერილი. მეორე, მართლა საინტერესოა, რას განიხილავენ რეგიონებში. საერთო-სახალხო განხილვების დროს განიხილავენ ცვლილებების პროექტებს. ახლა პროექტი მათ არ აქვთ, შესაბამისად, არ მინდა სისტუაცია გავამწვავო, მაგრამ შეიძლება სასაცილო სიტუაციამდე მივიდნენ თავიანთი განცხადებებით”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია" დღეს თელავიდან დაიწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.