ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ ხელისუფლებამ მთლიანად მიუშვა და ბათუმი, პრაქტიკულად 8-10 საათის განმავლობაში იყო უპატრონოდ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ბათუმში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
„პასუხისმგებელია იმაზეც, რომ განვილილი 5 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, კრიმინალის წახალისებას, კრიმინალური სიტუაციის გაუარესებას. უშუალოდ იმ დღეს კი ხელისუფლების რეაგირება არ იყო ადეკვატური და საკმარისი. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ბათუმელებმა გამოხატეს პროტესტი, საჭირო იყო მათთან მჭიდრო კომუნიკაცია და დიალოგი, რომ ეს ყველაფერი არ გადაზრდილიყო იმ ძალადობაში და საბოლოო ჯამში ვანდალიზმში, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ხელისუფლებამ მთლიანად მიუშვა და ქალაქი პრაქტიკულად 8-10 საათის განმავლობაში იყო უპატრონოდ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
„ადამიანებმა დაინახეს და იგრძნეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, რომ მსგავსი შეიძლება განმეორდეს არა მხოლოდ ბათუმში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში. დაუცველობის განცდა არის ყველაზე რთული, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ არ იყო დაცული არც საზოგადოებრივი, არც კერძო ქონება, არც ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.