თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ევროპა გააფრთხილა არ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.
ბალიქესირის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ქურთისტანის მუშათა პარტიის, ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ანტითურქულ პირებს მასპინძლობს.
„არ ქნათ ეს! გაფრთხილებთ, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენს მეგობრობასა და ალიანსს. ისინი, ვინც თურქეთის მტრების მეგობრები ხდებიან, თურქეთის წინააღმდეგ მტრობას ავლენენ“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ევროპა, გთხოვ, ცხვირს ნუ ყოფ თურქეთის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში“, - აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.
გასულ კვირას გერმანიაში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან შეხვედრების ჩატარება აუკრძალეს. აღნიშნული შეხვედრები უკავშირდება 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება.
11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.