ევროპამ ნიღაბი ჩამოიხსნა და თავისი ჭეშმარიტი სახე აჩვენა მსოფლიოს მას შემდეგ, რაც გერმანიაში და ნიდერლანდებში თურქ მინისტრებს გამოსვლები აუკრძალა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. აღნიშნულის შესახებ იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.
სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპაში მომხდარმა ბოლო მოვლენებმა აჩვენეს „ფაშიზმის, რასიზმისა და ისლამოფობიის მზარდი ნიშნები“.
მისი თქმით, აკრძალვა იმისა, რომ თურქი მინისტრები შეხვედროდნენ დიასპორის წარმომადგენლებს „ისლამოფობური მოვლენების გამოვლინებაა“.
„დასავლეთმა ბოლო დღეების განმავლობაში ნიღაბი ჩამოიხსნა“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„ჩემი პასპორტით ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია გავემგზავრო როგორც დიპლომატი, ასევე გადაადგილების თავისუფლების ფარგლებში“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ ნაცისტური პრაქტიკის გამოყენება.
„ნიდერლანდები შორს წავიდა, როდესაც საშუალება არ მისცა თურქეთის გენერალურ კონსულს თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს შეხვედროდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან თურქეთის საწინააღმდეგო ღონისძიებებში „მალე გაიგებენ თუ რა არის საერთაშორისო დიპლომატია“.
„არჩევნების გამო, თუ თქვენ მსხვერპლად მოგაქვთ თურქეთისა და ნიდერლანდების ურთიერთობები, მაშინ ფასის გადახდაც მოგიწევთ“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
„მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტებს და ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის კუთხით მუშაობს, ხმა ამოიღონ ნიდერლანდების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, სანქციები დაუწესონ მას. ნიდერლანდები როგორც ბანანის რესპუბლიკა მოიქცა, რაც ეწინააღმდეგა მის წევრობას ევროკავშირში და სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას“, - დასძინა ერდოღანმა.
გასულ კვირას გერმანიაში თურქ მინისტრებს აუკრძალეს თურქულ დიასპორასთან შეხვედრების ჩატარება. აღნიშნული შეხვედრები უკავშირდება 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება.
გასულ შაბათს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.