პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პრემიერ-მინისტრს სტეფან ლოფენს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
”შვედეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი მხარდამჭერია საქართველოსი, ჩვენი სუვერენიტეტის. მან თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩვენს ჩართვას, ასევე ძალიან აქტიურია ჩვენს მხარდაჭერაში ევროპის მიმართულებით. შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ. მათ გამოთქვეს სურვილი, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით - როგორც პარტიულ დონეზე, ისე სახელმწიფო დონეზე და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დონეზე. ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური გახდება ჩვენი ურთიერთობები შვედეთის სამეფოდან, საიდანაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.