ევროპის საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

ევროპის საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

ევროპის საბჭო საქართველოსთვის საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის დახვეწისკენ მიმართულ მხარდაჭერას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს. ამ მიზნით შემუშავებულია აქტივობების სამუშაო გეგმა. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭო ახორციელებს 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერ პროექტს. საარჩევნო პროექტი ევროპის საბჭოს 2016-2019 სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2016 წლის 16 მარტს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, დახმარებას სამართლებრივი ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპთა დაცვაში.

პროექტის მიზნებია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური, საოლქო, და საუბნო წარმომადგენლების ადმინისტრაციული, ოპერაციული და სამენეჯერო შესაძლებლობათა გაძლიერება; საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ადმინისტრაციული, ოპერაციული და სამენეჯერო შესაძლებლობათა გაძლიერება; ადგილობრივი სადამკვირებლო ორგანიზაციების მიერ პროფესიული საარჩევნო დაკვირვების შესაძლებლობათა გაძლიერება; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა ქალი ამომრჩევლების და კანდიდატების კომპეტენციის გაზრდის გზით; საარჩვენო უფლების გამოყენების ხელშეწყობა ეროვნულ უმცირესობებში და ახალგაზრდებში ცნობიერების გაზრდის გზით; რეგიონალური მედიის მიერ არჩევნების პროფესიული გაშუქების პროცესის ხელშეწყობა; მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზება ჩატარებულ არჩევნებზე და საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის დახვეწისკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;

პროექტის ძირითად პარტნიორი არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საქართველოს აუდიტის სამსახურთან, ასევე არჩევნებზე სადამკვირებლო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. 

”2016 წელს ევროპის საბჭომ, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გადაამზადა 500-მდე ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტებზე, აქტიურ კარდაკარ კამპანიაში ჩართო 3500 ახალგაზრდა ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართულობაზე მოაწყო მრგვალი მაგიდის დისკუსიები 300-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის მონაწილეობით, ჩაატარა ტრენინგი რეგიონული სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტებისა და რედაქტორთათვის საარჩევნო კამპანიის გაშუქების სხვადასხვა საკითხებზე, ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ქალთა პოლიტიკაში და მმართველობაში ჩართულობასთან დაკავშირებული მასალები, შეიმუშავა ელექტრონული საძიებო მონაცემთა ბაზა რომელიც დაინტერესებულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას გაუმარტივებს და განავითარა პროგრამა რაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო დანახარჯების ანგარიშების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ელექტრონული ფორმატით მიწოდების საშუალებას აძლევთ”, - ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.