ბათუმის მოვლენებისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანების მიმართ დამოკიდებულების სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს

ბათუმის მოვლენებისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანების მიმართ დამოკიდებულების სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანების მიმართ დამოკიდებულების სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს. 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავი ორგანოები თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ. „ნამდვილად შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც გუშინ განხორციელდა ბათუმში. მოგეხსენებათ, დაზიანდა პოლიციის შენობები, ავტომობილები, ასევე კერძო საკუთრება და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ის, რომ სწორად იმოქმედა სამართალდამცავმა ორგანოებმა. სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების.

თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ამისთვის მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება პოლიტიკურ თუ სამართლებრივ შეფასებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.