პრემიერმა ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობა უკვე დატოვა

პრემიერმა ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობა უკვე დატოვა

ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა. მისი შეხვედრა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ვიცე-პრემიერი - ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და სხვები. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ”ქართული ოცნებიდან” ლადო მგალობლიშვილმა განუცხადა, შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის. 

”პრემიერი ჩამობრძანდა,დაინტერესდა დეტალებით, რა მოხდა და როგორ მოხდა. მიაწოდა სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელობამ ინფორმაცია. მან ინფორმაცია მიიღო, თუ ზოგადად რა მოხდა და როგორ მოხდა. ამის შესახებ იყო საუბარი”, - განაცხადა მგალობლიშვილმა. 

მისივე თქმით, ეგზალტირებული ხალხი იყენებდა არაადეკვატურ ძალას და ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს.