გამოძიების საგანი უნდა გახდეს, ხელისუფლების რომელი დაჯგუფებების არასათანადო მოქმედებებმა განაპირობა დაძაბულობის ასეთი ესკალაცია

გამოძიების საგანი უნდა გახდეს, ხელისუფლების რომელი დაჯგუფებების არასათანადო მოქმედებებმა განაპირობა დაძაბულობის ასეთი ესკალაცია

რაც ბათუმში მოხდა, უპირველესად ხელისუფლების პასუხიმგებლობაა - მან საგამოძიებო მოქმედებები იქეთკენ უნდა მიმართოს, რომ პრობლემა თავად ხელისუფლებაში ეძებოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა. 

მისი აზრით, გამოძიების საგანი უნდა გახდეს და უნდა გაირკვეს, ხელისუფლების რომელი დაჯგუფებების, რომელი თანამდებობის პირების და რომელი სტუქტურებისა და მისი ხელმძღვანელი პირების არასათანადო მოქმედებებმა განაპირობა დაძაბულობის ასეთი ესკალაცია. 

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ხაზს უსვამს, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ჩარევა დროულად არ განხორციელდა და რეაგირება ძალიან დაგვიანებული იყო. მისი თქმით, სანქციების გამოყენება მხოლოდ აქციის კანონდამრღვევი მონაწილეების მიმართ არ უნდა მოხდეს. 

”უპირველეს ყოვლისა, ძნელია დაბეჯითებით იმის თქმა, წუხანდელი პროტესტი ბათუმის ქუჩებში, იყო პროვოცირებული და მართვადი, თუ მართლაც სპონტანურად წამოიშვა, კონკრეტული პოლიციელის არასათანადო მოქმედებების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, რომ აჭარაში, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის, მისი არასწორი მოქმედებების შედეგად, საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ დაგროვილია უკამაყოფილების ძალიან დიდი მუხტი. სწორედ დიდი საპროტესტო მუხტის გამო გახდა შესაძლებელი, დროის ასეთი მოკლე პერიოდში, მასშტაბური და აგრესიული საპროტესტო გამოსვლების განხორციელება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ასეთი მასშტაბური პროტესტის წარმოშობაზე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ეკისრება. ის, თუ რა უნდა ექნა ხელისუფლებას მოცემულ სიტუაციაში, არ შეიძლებოდა ასეთი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა დროის ასეთ ხანგრძლივ პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობის გარეშე ყოფილიყო დატოვებული. ჩვენ მხოლოდ გამთენისას მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის, პრემიერის მოწოდებები. გამთენიისას ჩავიდა აჭარაში შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელი იყო. საჭირო იყო ძალიან სწრაფი და დროული მოქმედება, რომ საპროტესტო აქცია მართავდი გამხდარიყო - პროტესტანტებთან ადგილზე უნდა მისულიყვნენ, მოესმინათ კონკრეტულად რა მოთხოვნებს აყენებდნენ ისინი და მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება. ამით საზოგადოება ნახავდა, რომ მათი პროტესტი უყურადღებოდ არ იყო დარჩენილი და ეს არ იწვევდა მუხტის გაზრდასა და მეტ ესკალაციას. ჩართულობა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა, ძალიან დაგვიანებული იყო. ახლა ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, დაადგინოს პროტესტის წარმოშობის მიზეზები, განახორციელოს ადეკვატიური რეაგირება - ის რაც დასაკმაყოფილებელია, დააკმაყოფილოს, ხოლო ამ პროტესტის გამოხატვის დროს კანონდარმღვევთა მიმართ განახორციელოს სამართლებრივი მოქმედებები, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. უპირველეს ყოვლისა, თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ უნდა განხორციელდეს მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ არასათანადო მოქმედებების გამო, რამაც შესაძლებელი გახადა საპროტესტო აქციის ასეთი განვითარება. უმთავრეს ხიფათს ვხედავ იმაში, რომ თუ ეს საპროტესტო მუხტი მართვადი და ინსპირირებულია ჩვენი ქვეყნის გარე, არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი და აქ არის ყველაზე დიდი ხიფათი. ამიტომ, დიდი თხოვნით მივმართავ აჭარის საზოგადობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაძაბულობისა და შემდგომი ესკალაციისგან, რადგან თუკი რეგიონული მასშტაბის კონფლიქტი გაჩნდა, გარე არაკეთილმოსურნე ძალა ამის გამოყენებას აუცილებლად ეცდება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” შალვა შავგულიძემ.