პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება და პოლიტიზება

პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება და პოლიტიზება

პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება და პოლიტიზირება, - ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრმა სერგი კაპანაძემ ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ვნახეთ ძალიან მძიმე ფაქტები ბათუმში, როდესაც პრაქტიკულად იყო ქაოტური ბუნტი მცირე ჯგუფის მხრიდან, რასაც მოჰყვა ძალადობა, ერთი მხრივ, პოლიციის მიმართ და მეორეს მხრივ, პოლიციის მხრიდანაც ძალის გამოყენება.

„პირველ რიგში, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ატარებს, რომლის შედეგადაც მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის შემცირება და, სამწუხაროდ, პატრულის მიმართ ნდობის შემცირება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ესეც. ხელისუფლება სხვადასხვა ჯგუფებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებს და ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეთა ჯგუფი ამ ბუნტში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფანჯრებთან ატარებდნენ აქციებს და ჰქონდათ მათზე ზეწოლის მცდელობა. ეს არის შედეგი იმ ურთიერთობის, იმ პოლიტიკის, რომელიც ჩამოყალიბდა. პრაქტიკულად პასუხისმგებლობის დიფუზიაა და არ არის გარკვეული ვინ რაზე აგებს პასუხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სიტუაცია დამშვიდდეს და დაწყნარდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან დაგვიანებული რეაქცია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საათების განმავლობაში უკონტროლო პროცესები მიდიოდა ისე, რომ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. იმედი გვაქვს, მოხდება ისეთი ტიპის რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი არეულობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვანდალიზმი, რომელიც გუშინ განხორციელდა, როგორც პოლიციის მანქანების, ისე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართ, იყოს გამოძიებული და ჩამდენი პირები იყვნენ დასჯილი“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ერთია სამართლიანი პროტესტი, რომელსაც გამოხატავდა იქ მყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი კონკრეტული ფაქტების გამო და მეორე ვანდალობა, რომელიც არ შეიძლება, რომ არ იყოს გამოვლენილი და დასჯილი. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება და პოლიტიზირება. არავის ინტერესში არ უნდა იყოს ბათუმში ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. გუშინ რაც მოხდა იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში და იმედი გვაქვს, რომ მსაგვსი რამ აღარასოდეს განმეორდება’’,- დასძინა კაპანაძემ.