მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესს

მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესს

პრობლემის მოგვარებამდე მთავარია, პრობლემა განვსაზღვროთ სწორად და სწორი სახელი დავარქვათ, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წუხელ ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სიტუაცია კონტროლს აბსოლუტურად ექვემდებარება. 

„ამ წუთისთვის არ შეიმჩნევა არანაირი რისკი ისეთი ტიპის ქმედებების, რომელსაც ჰქონდა ადგილი სულ რამდენიმე საათის წინ. კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ქვეყანაში, ბუნებრივია, აბსოლუტურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, დაუშვებელია ყოველგვარი ზრღვარგადასული ქმედებები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს რეალურად ბრალეულობა ყოველმხრივ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესს, დაწყებულს ე.წ. მცირე ინციდენტიდან, გაგრძელებულს იმ ქმედებებამდე, რომლებიც გასცდა კანონის ფარგლებს. მხოლოდ ამ მთლიანი ჯაჭვური ანალიზის შედეგად იქნება შესაძლებელი რეალური პრობლემის იდენტიფიცირება და იმის პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, იმიტომ, რომ დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ხდებოდეს მსგავსი ქმედებები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ სიღრმისეული ანალიზის შემთხვევაში და შესაბამისი გამოძიების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრობლემის სწორად განსაზღვრა.