ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. ამ წუთებში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობს პოლიციის სამმართველოს ეზოში შეიჭრას.
სამართალდამცველები რამდენიმე წუთია გზის გახსნას ცდილობენ.
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ისმის შეძახილები: “ბათუმელებო, გამოდით, შემოგვიერთდით”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვენ.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.