ხელისუფლებამ დაასამარა სასამართლო და ახლა შეეცდებიან “შემოვლითი გზით” “რუსთავი 2”-ის გაჩერებას

ხელისუფლებამ დაასამარა სასამართლო და ახლა შეეცდებიან “შემოვლითი გზით” “რუსთავი 2”-ის გაჩერებას

ხელისუფლების ბოლო განცხადებებიდან ჩანს, რამდენად არ ესმით რაც ჩაიდინეს ქართული სამართლებრივი სისტემის დასამარებით. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება “შემოვლითი გზით” შეეცდება “რუსთავი 2”-ის პარალიზებას, რაც არ გამოუვა.

”რუსთავი 2”-თან მიმართებაში მათი საქციელით მთელმა საქართველომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მათ დაასამარეს უზენაესი სასამართლო, შეარცხვინეს მოსამართლეები და სამუდამოდ დაუკარგეს რეპუტაცია, მოსცხეს ჩირქი მთელ სასამართლო კორპუსს და ახლა შეეცდებიან “შემოვლითი გზით” “რუსთავი 2”-ის გაჩერებას. დაყადაღებულია ქონება, ფინანსურად ხელ-ფეხ შეკრულია ათასკაციანი კომპანია.

“რუსთავი 2” არის იმაზე დიდი ბიზნესი, ვიდრე ის ასი საწარმო, რომელიც თითქოს ამ ხელისუფლებამ შექმნა გასული 4 წლის განმავლობაში. საგადასახადო რეპრესიების გზით შეეცდებიან “რუსთავი 2”- ის გაჩერებას, რაც არ გამოუვათ”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედება ხალხის ქუჩაში გამოსვლას მოიტანს, რაც, ისტორიულად, ყველა ხელისუფლებას სანანებელი გაუხდა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.