ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადადგომას ითხოვს და სტუდენტებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ მათ ლექციებს

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადადგომას ითხოვს და სტუდენტებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ მათ ლექციებს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების, ასევე სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლის გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქცია-კონცერტზე დააყენა. გვარამიამ, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ეროვნულ სასამართლოებში ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა ”გამყიდველები” და ”მონები უწოდა”.

”ჩვენ მოვითხოვთ ჩამოთვლილი სამარცხვინო გამყიდველების გადადგომას. ესენი არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე; მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდეს სასამართლოდან. ისინი არ ასრულებენ კონსტიტუციურ ფუნქციას. ისინი არიან გაყიდული მონები და მათი ადგილი სასამართლოში არ არის”, - განაცხადა გვარამიამ. 

”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ასევე მოუწოდა სტუდენტებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ხსენებული მოსამართლეების ლექციებს და არ დაესწრონ. 

”დღეს ჩვენ ვზეიმობთ ერთ ძალიან დიდი გამარჯვებას, უმნიშვნელოვანეს, მაგრამ ერთ ბრძოლაში. ომი დამთავრებული არ არის. ჩვენი ომი უთანასწოროა. ჩვენ წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგ არ არის სიმართლე. სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ. დღევანდელი დღე მთლიანად ქართველი ხალხის დამსახურებაა, ქართველი ხალხის, ვისაც შეიძლება მოსწონს ან არ მოსწონს ”რუსთავი 2”, მაგრამ მოსწონს სიმართლე და ვის მხარესაც ისაა. რაც მთავარია ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპული გზიდან. არ მოსწონს, რომ ჩვენ არ მივდივართ სიმართლის გზით. მაგრამ, როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ, ევროპა წამოვიდა ჩვენსკენ”, - განაცხადა გვარამიამ. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს, ”ვინც შეიკრა ”რუსთავი 2”-ის ირგვლივ”.