9 უსირცხვილო მოსამართლემ ერთხმად მოაწერა ხელი და ეს ტელევიზია ივანიშვილს მიაკუთვნა, ოღონდ არც მაშინ დაგვიყრია ფარ-ხმალი

9 უსირცხვილო მოსამართლემ ერთხმად მოაწერა ხელი და ეს ტელევიზია ივანიშვილს მიაკუთვნა, ოღონდ არც მაშინ დაგვიყრია ფარ-ხმალი

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს ბრძოლის ერთი ეტაპია, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე ან ტელეეკრანებიდან ადევნებს თვალყურს. ასევე მან მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ის გვერდით იდგნენ დღე და ღამე“ და „რუსთავი 2“-ის გუნდს.
ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა პერსონალური მადლობა გადაუხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

„ადამიანს, რომელმაც თავისი შეუპოვრობით მოგვცა ყველას მაგალითი, თუ როგორ უნდა გვებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი გევრდზე გადადო თავისი საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაც კი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უსამართლობასთან ბრძოლაში ყველაფერი უნდა გადადო გვერდზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, 2 მარტი, ალბათ, ყველაზე მძიმე დღე იყო „რუსთავი 2“-ის ისტორიაში, როდესაც „9 უსირცხვილო და კრიმინალმა მოსამართლემ ერთხმად მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას და ეს ტელევიზია ბიძინა ივანიშვილს მიაკუთვნა, ოღონდ არც მაშინ დაგვიყრია ფარ-ხმალი და ვეძებდით გამოსავალს“.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ერთმა მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოგლიჯა „რუსთავი 2“ და 5 დღის შემდეგ 7-მა მოსამართლემ ერთხმად დადადასტურა, რომ „საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“.

„თუ დღეს ვინმეს კიდევ კითხვა უჩნდება, რატომ ევროპა, აი, ამიტომ ევროპა, რადგან ადამიანის უფლებები ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას. საქართველოს ხელისუფლება იმდენი ხანი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლომ არ განმარტა, ვინ არის ეს ორი კერძო სუბიექტი - ეს არის საქართველოს მოსახლეობა, რომლის სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის და მეორე - საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.