გიორგი მარგველაშვილი - მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები ქმნიან რაღაც დოკუმენტს, მაგრამ იქნება ეს მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?!

გიორგი მარგველაშვილი - მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები ქმნიან რაღაც დოკუმენტს, მაგრამ იქნება ეს მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?!

საკონსტიტუციო კომისიაში მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები და იურისტები ქმნიან რაღაც დოკუმენტს, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება უაღრესად დახვეწილი იყოს, მაგრამ იქნება ეს ჩემი, შენი, მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის გადასინჯვა ან ჩასწორებები ბევრი ხდება ხოლმე და ჩვეულებრივ ასეთ კონსტიტუციურ პროცესს თავისი მსჯელობის, დისკუსიის ფორმატი გააჩნია. 

„ძალიან ძნელია კონსტიტუციის ნებისმიერი მუხლის დაწერა, რადგან ნებისმიერი ერთი მუხლიც კი იწვევს მთელ კასკადს ცვლილებებისას საკანონმდებლო ნაწილში. უნდა გათვალო, როგორი იქნება ვითარება ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ დღეს ერთი მუხლის და ორი მუხლის შეცვლასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე ფუნდამენტურ ცვლილებასთან კონსტიტუციის, რომელიც დაანონსდა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ. საქართველოს ისტორიას კონსტიტუციის არაერთი კულუარული გადასინჯვა ახსოვს. როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა ესა თუ ის ძალა, რომელსაც ხელთ ეწიფა, რომ გადაესინჯა კონსტიტუცია, ამ საშუალებას ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თავის ინტერესებში მოიხმარდა. დღეს ჩვენ გვაქვს პირველად შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია მართლაც გავხადოთ უნივერსალური დოკუმენტი, რომლის გადასინჯვის პროცესში, ამ გლობალურ გადასინჯვაში მონაწილეობას მიიღებს მთელი ერი. რას ნიშნავს და რატომ მთელი ერი - საქმე ისაა, რომ კონსტიტუცია კი ძალიან რთული იურიდიული დოკუმენტია, მაგრამ მისი სულისკვეთება არის განპირობებული საზოგადოებისა და ხალხის მიერ. კონსტიტუცია პირველ რიგში, არის ჩემი და შენი, ჩვენი მოქალაქეების თანხმობა, რომ ასე ვიცხოვრებთ და ჩვენ ამ წესიდან გამომდინარე ვავალებთ ხელისუფლებას, რომ მოდი, დაგვეხმარე ამ პროცესის ორგანიზებაში. შესაბამისად, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოება ჩაერთვება ამ პროცესში ჩვენ შეიძლება ახალ თანხმობამდე მივიდეთ და გადავლახოთ ერთ-ერთი მთავარი რამე, რაც ჩვენში არის - მუდმივი ერთმანეთის დაპირისპირება და ეს მენტალიტეტი, რომ მოდი, რამენაირად ეს ხალხი, ვინც მე არ მომწონს, რაღაცნაირად განვდევნო პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩაერთო ის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას უნდოდა ფორმატის განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა მიეღო. 

„კომისიაში თანათავჯდომარეობის მოთხოვა განპირობებული იყო შემდეგი რამით - თავმჯდომარეები განაპირობებენ ფორმატს. ფორმატი, რომელიც დღეს არის განპირობებული არის ერთი თავმჯდომარის მიერ. ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ მე რამდენად შემეძლებოდა ფორმატის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიმეღო. მე პრინციპულად მიმაჩნდა შემდეგი რამ - კომისია უნდა იყოს უაღრესად გახსნილი საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, როდესაც კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს, ყველა მოქალაქის, ყველა ინტერესჯგუფის სრული თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს ეს, „ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი ჩართულობის შედეგად განპირობებული პროცესი, ეს უნდა იყოს ღია პროცესი“.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კომისიას, რომელიც მუშაობს. სავარაუდოდ, იქ მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები და იურისტები ქმნიან რაღაც დოკუმენტს, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება უაღრესად დახვეწილი იყოს, მაგრამ იქნება ეს ჩემი, შენი, მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?!“, - განაცხადა მარგველაშვილმა.