უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვაშინგტონში შეხვედრისას მას დაუდასტურა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში, ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, კლიმკინი-ტილერსონის შეხვედრა იმ ფონზე შედგა, როცა უკრაინაში და დასავლეთში უკრაინის მხარდამჭერებს შორის არსებობს შეშფოთება იმის გამო, რომ შესაძლოა, ტრამპმა შეერთებული შტატების რუსეთისადმი მიდგომა შეარბილოს.
„ტილერსონმა დამარწმუნა, რომ შეერთებული შტატები, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის მხარდაჭერას თანმიმდევრულად გააგრძელებს. დაადასტურა, რომ უკრაინა რეგიონში შეერთებული შტატების საკვანძო პარტნიორია და შეერთებული შტატები, უკრაინას რეფორმების გზაზეც თანმიმდევრულად დაეხმარება“, - განაცხადა პავლო კლიმკინმა და დასძინა, რომ მოლაპარაკება ამერიკა-უკრაინის თანამშრომლობის საკითხების ფართო დიაპაზონსაც მოიცავდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ მხარს უჭერდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებას, რომელიც მოსკოვს 2014 წელს, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობისთვის და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დაუწესდა.