ხმაურიანი მოდის კვირეულის ჩუმი სკანდალი

ხმაურიანი მოდის კვირეულის ჩუმი სკანდალი

ქართული მოდის კვირეული ე.წ. GEORGIAN FASHION WEEK დასრულდა. ყველაფერი იმას დაბრალდა, რომ “პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს მოულოდნელად ამერიკაში მოუწია გამგზავრება”.  მარტის თვეში, პრეზენტირებული პროექტი, რომელმაც ქართული (თუკი ასეთი არსებობს) მოდის ინდუსტრია შეძრა, უკვე მეორედ ჩატარდა. ალბათ გახსოვთ, რომ ღონისძიება კრიტიკის დიდ ქარცეცხლში გაატარეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის სახელით გამართულ მოდის კვირეულს, “თბილისი ფეშენ ვიქი“ მოჰყვა - შედარებით მცირე მასშტაბით და გაცილებით მწირი ბიუჯეტით, მაგრამ იგი მაინც აქეს და ადიდეს.

არსად გაჟღერებულა, გააღიზიანა თუ არა ქართული მოდის კვირეულის ორგანიზატორები კონკურენტის წარმატებამ. კრიტიკაზე კი, რომელიც ძირითადად ღონისძიების ქაოტურობას მიეძღვნა, ასე უპასუხეს: ეს იყო პირველი. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ მომავალში გავითვალისწინებთო. ფეშენ-ვიკი დამთავრდა, მაგრამ მანამდე იგი დაიწყო სკანდალით, და მასზე ტელე და ბეჭდური მედია დღემდე დუმს..

მოდის სახლის TIKO&NINO – ორი დიზაინერი, ნინო ხიჯაკაძე და თიკო ნებიერიძე – ქართული მოდის კვირეულის ორგანიზატორებს, უფრო კონკრეტულად კი – ტექნიკურ დირექტორს, ციცი იაშვილს უყურადღებობაში, არაორგანიზებულობაში, სიცრუესა და უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

თიკო ნებიერიძე: “შევხვდი ციცი იაშვილს, მან მოგვცა მითითება საჭირო საბუთების შესახებ. განაცხადში, რომელიც წარვადგინეთ, იყო ყველაფერი – დაწყებული ჩვენი მოდის სახლის ისტორიით და ორივე დიზაინერის მონაცემებით. მონაწილეობას ცალ-ცალკე ვაპირებდით - მე ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების კოლექციით, ნინო – ტანსაცმლით. თითოეულ პრეზენტაციაში ნათლად იყო გაშლილი კონცეფცია ჩვენების, იდეის, კოლექციის შესახებ... თითომ ხუთ-ხუთი ნიმუში გავამზადეთ. თითოეული ესკიზი იყო დაშლილი სახით წარმოდგენილი, ცალკე ფეხსაცმელი, ცალკე ჩანთა, სამკაული... პრეზენტაციას თან დავურთეთ ნიმუშები.

ნინო ხიჯაკაძე: “ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო “Pret a porte“, არამედ ”haute couture“, რადგან ჩვენთან სადღესასწაულო, საკონცერტო და საღამოს კაბების შეკვეთები უფრო დიდია, გადავწყვიტეთ კოლექციაზე საღამოს კაბები წარმოგვედგინა. (აქვე გეტყვით, რომ მოდების სახლში თიკო-ნინო, იმოსებიან ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ლელა წურწუმია... ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ა.შ. ამ მოდის სახლმა უზრუნველყო კოსტიუმებით დათო დოიაშვილის მიერ ღია ცის ქვეშ გადატანილი “ვერის უბნის მელოდიების“ მონაწილეები. მოდის სახლი არის პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას“ პარტნიორი – ტ.ჩ.)

და ერთ დღეს აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ფეშენვიკის მონაწილეთა სიაში არ იყავით?

- ციციმ მასალების გადაცემის შემდეგ გვითხრა, პასუხი თვის ბოლოს იქნებაო და დიზაინერთა მონაწილეობას საბოლოო ჯამში ფრანგული მხარე წყვეტსო. თიკო რამდენჯერმე დაუკავშირდა ამბის გასაგებად. მან გვითხრა, რომ საბოლოო პასუხი 18 სექტემბერს იქნებოდა. 21-ში ტელევიზიით უკვე გავიდა ინფორმაცია ღონისძიებაში მონაწილე დიზაინერების შესახებ. გამოცხადდა თარიღიც.

თიკომ დაურეკა მონაწილეთაგან ერთ–ერთს და მან უთხრა, რომ უკვე შეხვდა სოფო ჭყონიას, რომელიც ღონისძიების არტ-დირექტორია. ციცის რომ დავურეკე, ჭყონიასთან გადამამისამართა, სოფოს “მარიოტში“ შევხვდი. აღმოჩნდა, რომ მას ჩვენი განაცხადი არ უნახავს და შესაბამისად ვერც გადააგზავნიდა. მოკლედ, ციციმ მოგვატყუა. აქ ირკვევა, რომ ციცი იაშვილს ჩვენი განაცხადი დარჩა მაკა მეტრეველის მანქანაში.

ქალბატონი მაკა, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეა, მას მოულოდნელად მოუწია ამერიკაში გამგზავრება. სახელმწიფო მოხელის მეუღლის მანქანა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის და მაკას გარეშე მონაცემებს ვერ ამოიღებდნენ. სოფომ დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ მონაცემებს გადააგზავნიდა. შემდეგ შეტყობინება გამოგვიგზავნა, რომ უკვე გააგზავნა. ციციმ მითხრა, რომ სხვა დიზაინერების მონაცემებიც გასაგზავნია და პრობლემა არ იქნებაო. თუმცა საბოლოო ჯამში რა ბედი ეწია ჩვენს ესკიზებს, ვერ გავარკვიეთ.

ანუ, ფრანგული მხარის პასუხი  არ იცით?

- არა.

თიკო ნებიერიძე: “როცა გავარკვიეთ, რომ მონაწილეთა სიაში არ ვიყავით, ციცი იაშვილს მოვთხოვე, გადმოეგზავნა ჩემთვის რაიმე საბუთი, სადაც ეწერებოდა, რომ ფრანგულმა მხარემ ჩვენი ესკიზები დაიწუნა. ბოლო დრომდე გვეუბნებოდა, რომ, პასუხი არ იყო მოსული. მერე უკვე თავი დავანებეთ. როცა უსამართლოდ იჩაგრები და კიდევ აქეთ გესაუბრებიან გაღიზიანებული ტონით, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია.

ძალიან მიკვირს, როდესაც, ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია ამდენი ადამიანი, მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ამ ყველაფერს კურირებს ქვეყნის მეორე პირის მეუღლე, განა შეიძლება ასეთი არაკომპეტნტური მეტიც, აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება?!

- როგორც ცნობილია, თქვენს მოდების სახლს ძალიან ბევრი და ცნობილი მომხმარებელი ჰყავს, რას გაძლევთ ფეშენ ვიკში მონაწილეობა, აშკარაა, რომ ამით კლიენტურას არ ეძებთ? 

- მოდის კვირეულზე ჩამოდის ძალიან ბევრი “ბაიერი“, უცხოური მედია, არის შანსი შენი შემოქმედება  ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანო. მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში განაპირობებს ჩართულობას საერთაშორის მოდის ინდუსტრიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  წელიწადში ორჯერ გეძლევა შანსი, მოისმინო მოდის კრიტიკოსებისგან, რას ფიქრობენ შენზე. თანაც მუდმივად ისმის შეკითხვა: რატომ არ იღებთ მონაწილეობას? თუმცა, როცა ჩვენებები ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი და მონაცემები სექტემბრის ბოლოს იგზავნება, ფრანგული მხარე ალბათ “დაგვბრაკავდა“, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოეწონებოდათ ესკიზები, ალბათ ჩათვლიდნენ, რომ არარეალურია კოლექციის ასეთ მოკლე ვადაში გაკეთება და მართლებიც არიან. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, “ფეშენ–ვიკის“ დამთავრებიდან რამდენიმე დღეში იწყებენ მზადებას შემდეგი “ფეშენ–ვიკისთვის”.

ნინო ხიჯაკაძე: “ამ ინტერვიუზე იმიტომ დავთანხმდით, რომ ძალიან ბევრი კითხვას გვისმევენ ამ თემის გარშემო. გთხოვთ, რომ ჩვენს ნათქვამს არ მისცეთ სხვა ტონალობა, ნამდვილად არ გვინდა სპეკულირება საქართველოს, დავით ბაქრაძის მეუღლის, კულტურის სამინისტროს  სახელით. არ ვსაუბრობთ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. შესაძლოა ქართულ მოდის კვირეულს დიდი ისტორია რომ ჰქონოდა, ცოტა სხვა ემოციები ჩაგვეტანებინა ამ ინტერვიუსთვის, ან სულაც  საფრანგეთის კულტურის ატშესთვის მიგვემართა და გვეთხოვა იმის გადამოწმება – მართლა გაიგზავნა თუ არა ჩვენი მონაცემები ხსენებულ კომპანიაში, მაგრამ არ გვინდა. ქვეყანას სჭირდება მოდის კვირეულები და მის ორგანიზატორებს დიდ წარმატებას და უფრო მეტ ყურადღებას ვუსურვებ. თუმცა, არც ასე შეურაცხყოფილი მინდა დავრჩე“   

პრესა.გე  ციცი იაშვილსაც ესაუბრა. სანამ პრობლემას შევეხებოდით, მანამდე მას მოდის კვირეულში მონაწილეობისთვის საჭირო დეტალების შესახებ ვკითხეთ.

იაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც დიზაინერი კვირეულში მონაწილეობის სურვილს დააფიქსირებს, მას ეძლევა მითითება საჭირო ესკიზების და მონაცემების შესახებ, რომელიც საფრანგეთში, კონტრქატორ კომპანიასთან იგზავნება. თუ ფრანგული მხარე მიიჩნევს, რომ იმ ევროპელი სტუმრებისთვის, ვის მოწვევასაც ისინი საქართველოში აპირებენ – “ბაიერებისთვის“ და ზოგადად ევროპის მოსახლეობისთვის – კოლექცია საინტერესო იქნება, დიზაინერი მონაწილეთა სიაში ხვდება. რაც შეეხება სოფო ჭყნიას, რომელიც მოდის კვირეულში წელს ჩაერთო არტ–დირექტორის სტატუსით, მისი ფუნქცია შემდეგია:

ციცი იაშვილი: “სოფი ჭყონია არის ჩვენი არტ-დირექტორი. ის აქტიურად მუშაობდა დიზაინერებთან. მას შემდეგ, რაც ფრანგულმა მხარემ გადმოაგზავნა იმ მონაწილეთა სია, ვინც მოიწონა, სოფო ხვდებოდა მათ, მუშაობდა მათთან ერთად, გადიოდა ესკიზს, შეჰქონდა გარკვეული შესწორებები... შესწორება შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ეს უფრო რჩევა იყო. სოფო ამ სფეროში ძალიან გამოცდილია. მან იცის, რა უნდათ ევროპაში დღეს და რა არის საინტერესო.

ფრანგული მხარე?..

- ეს არის კომპანია… ერთი წუთით… აღარ მახსოვს… დამიან იორკევიჩი...

ვსაუბრობთ ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ კომპანიაზე? ..

– ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი კომპანია და ასევე ჰქვია – “დამიან იორკევიჩი და კომპანია”. თუ არ ვცდები…

თავად აქ არის? ჩამოვიდა?

- მისი ძმა არის ჩამოსული, ფრანგი დიზაინერი, გასპარ იორკევიჩი, რომელიც მოდის კვირეულშიც მონაწილეობს. მათი დახმარებით მოხდა ძალიან ბევრი ადამიანის მოწვევა, სოფოსთან ერთად, თავისთავად. მოკლედ, ყველა დიზაინერმა, რომელმაც დროულად გააკეთა განაცხადი,მოდის კვირეულში მონაწილეობა მიიღო.

დროულად რას ნიშნავს?

- მონაცემების მიღების შესახებ ინფორმაცია ივნისის თვეში გავავრცელეთ. მაგრამ ქართველები ვართ და ჩარჩოებში ვერ ვჯდებით. ბოლო დღემდე ვურეკავდით და ვახსენებდით მონაწილეებს, რომ შემდეგი კვირის ბოლოს იყო დედლაინი.

ე.ი. ქართული მხარე ფრანგული მხარის გარეშე ვერ წყვეტს თუ რომელი დიზაინერი იღებს მონაწილეობას? იყვნენ დაწუნებული დიზაინერები?

- ასეა. იყვნენ დაწუნებულებიც. იცით რა – ფრანგებს უჭირთ ჩვენი რეალობის გაგება. მათთვის ბევრი რამ გაუგებარია. ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რაც გარკვეულწილად, შეიძლება ჩვენთვის იყო მიუღებელი. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, ერთმა ადამიანმა იმუშაოს ჩქარა და შექმნას დამოუკიდებლად კოლექცია. მათთან ასეთ ჩვენებებზე მთელი გუნდი მუშაობს.

ანუ ვთქვათ, “ატელიე ჭიჭიკოს“ მონაცემები არ განიხილებოდა?

- მინდა ვთქვა, რომ ბევრ რამეს ითვალისწინებენ, რადგან ერთია შემოქმედებითი ხედვა დიზაინერის, რომ შექმნას საინტერესო კოლექცია და მეორეა – შექმნას საინტერესო კოლექცია, რომელიც კომერციულადაც გამართლებული იქნება.

შეგიძლიათ შეაფასოთ შარშანდელი მოდის კვირეული? აქვე მითხარით, თუ გაითვალისწინეთ ის ხარვეზები, რაც შარშან დამსწრეებმა დაგიწუნეს. იქნებ წელს გამოჩნდა ახალი ხარვეზები, რაც გამოგრჩათ?

- რაც შეეხებათ დიზაინერებს, მათ ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა სჭირდებათ.  ელემენტალურად, მათ არ აქვთ წარმოდგენა, თუ როგორ უნდა შეაფასონ საკუთარი ბრენდი. არ იციან როგორ უნდა შეფუთონ და ასე შემდეგ... დამწყებ დიზაინერებს მართლა ბევრი რამ სჭირდებათ იმისათვის, რომ კარგ შედეგებამდე მივიდნენ. თუმცა, გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ამას ინტუციით ხვდებიან.

თუ წამოვიდა აგრესია ვინმესგან, როდესაც მათ უარი უთხრეს მონაწილეობაზე?

– იყო ასეთი შემთხვევებიც. ძალიან რთული მომენტია, როცა რომელიმე დიზაინერს უარს ეუბნები, მაშინვე მთელი თბილისი გირეკავს, გთხოვს რაღაცას. მინდა დავაფიქსირო, რომ თავის სამართლებელი არაფერი არ გვაქვს. რაც ჩვენ გავაკეთეთ, მართლა წარმოუდგენელი იყო ქართული რეალობისათვის.

როცა არ იცი, ბოლომდე რას აკეთებ, გაქვს მხოლოდ თეორიული ცოდნა და არა პრაქტიკული გამოცდილება, დამეთანხმებით, რთულია უზრუნველყო 4–დღიანი პროექტი, სადაც დღეში 7 ჩვენება იმართება. შესაბამისად, ხარვეზები იპარება, არ არსებობს სრულყოფილი პროექტი, რაც არ უნდა გაითვალისწინო ყველა დეტალი, ყოველთვის იქნება შენგან დამოუკიდებელი ხარვეზები. სრულად დაცული პროექტი ჩემთვის არ არსებობს. 

ალბათ იცით, რომ განსაკუთრებით ორი დიზაინერი გაგინაწყენდათ თიკო ნებიერიძე და ნინო ხიჯაკაძე. თანაც განაწყენდნენ პირადად თქვენზე. ამბობენ, რომ მათი მონაცემები ფრანგულ მხარესთან არ გადაგზავნილა, ან თუ გადაიგზავნა – დაგვიანებით. ბრალს გდებენ სიცრუეში...

- ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანს ვერ აგებინებ რა მოხდა და ყოველდღე ერთი და იგივეს ახსნა გჭირდება. ჩვენ პირველ მოდის კვირეულზე ვთანამშრომლობდით სხვა ფრანგულ კომპანიასთან. ამ ზაფხულს, გარკვეული მიზეზებით, კომპანია შევცვალეთ. თუ არ გყავს დაქირავებული კომპანია, რომელიც შენზე იმუშავებს, თუ პროექტამდე ვერ გაავრცელებ ინფორმაციას შენი პროექტის შესახებ და ხალხი არ იქნება ინფორმირებული, მაშინ  არავის გაუჩნდება აქ ჩამოსვლის სურვილი. მოკლედ, საჭიროა პიარი. პარიზში ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელთაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა აქვთ სხვადასხვა რანგის სტუმრებთან. შევცვალეთ კომპანია იმისათვის, რომ ჩამოგვეყვანა უფრო მაღალი რანგის სტუმრები და დამიან იორკევიჩი იყო ამის გარანტი.

გასაგებია. იარის განხრით გეთანხმებით, მაგრამ ეს რა შუაშია მონაცემების გაგზავნასთან?..

– როცა კომპანიის შეცვლა გადავწყვიტეთ, გვაფიქრებდა ის მომენტი, რომ ახალი კომპანია არის ახალი კავშირები... მუშაობა დავიწყეთ ძველ კომპანიასთან. პირველ ეტაპზე, როცა მოხდა მასალების შეგროვება, გადაიგზავნა ძველ კომპანიასთან. მერე გამოჩნდა ახალ კომპანიასთან დაკავშირების შანსი, საჭირო გახდა ყველაფრის თავიდან შეგროვება და ახალ კომპანიასთან გადაგზავნა. პარალელურად შევიცვალეთ ოფისი, ვიყავით ლესელიძეზე, ახლა ვართ თაბუკაშვილზე.

“თიკო&ნინოს“ მასალები გადაიგზავნა თუ არა?

– “თიკო ნინოს“ შემთხვევაში სამწუხარო ის არის, რომ ვერ გავაგებინეთ – მათი მასალები არ არის დაკარგული, არის შენახული. საბუთები იყო მაკას მანქანაში (მაკა მეტრეველი – მოდის კვირეულის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქაძის მეუღლე) იმიტომ, რომ ყველაფერი იქ ჩავყარეთ გადატანისას. მაკას მოულოდნელად ამერიკაში მოუწია წასვლა. როცა  “თიკო&ნინოს“ მონაცემების ნახვა გახდა საჭირო, მაკა აქ არ იყო და ორ დღეში ჩამოდიოდა. ადამიანს ვუხსნი, რომ მისი მონაცემები არ არის დაკარგული...

მათ ადგილზე ზოგი იფიქრებდა, რომ მათი მონაცემები სპეციალურად გააქრეს...

- არავის სჭირდება სპეციალურად არავის გაქრობა. ყველა ორგანიზატორის სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი დიზაინერი მონაწილეობდეს კვირეულში.

ფაქტია, რომ ისინი გაღიზიანებულები არიან. ბოდიშის მოხდა ალბათ საჭიროა, როცა რაღაც მიზეზის გამო მონაცემები ვერ იგზავნება.

- ყველაფერი გაიგზავნა.

და რა პასუხი მოვიდა?

- მათზე მოვიდა უარყოფითი პასუხი.

ძალიან მიკვირს. თუ უარყოფითი პასუხი გქონდათ, რატომ არ უთხარით, ეს ხომ ყველა პრობლემას მოხსნიდა? როგორც ვიცი, ისინი იმით არიან გაღიზიანებული, რომ საერთოდ ვერანაირი პასუხი მიიღეს. ვერ გაიგეს მონაწილეობდნენთ არ მონაწილეობდნენ. ისინი დავობენ დამოკიდებულებაზე თქვენი მხრიდან და არა  იმაზე, რატომ არ მონაწილეობენ... რომ მოითხოვონ ეს, უარყოფით პასუხს მიიღებენ?

- მათ შეუძლიათ თავისუფლად იჩივლონ. მათ სურვილზეა დამოკიდებული. თუ მიჩივლებენ, მზად ვარ ყველა პასუხი წარმოვადგინო.

არავინ აპირებს ჩივილს... “თიკო&ნინოს“ მომავალ წელს აქვს შანსი, მიიღოს მონაწილეობაქართული მოდის კვირეულში“?

- შანსი ყველას აქვს.

გაღიზიანების მომენტი მათი და თქვენი მხრიდანაც გამოიწვევს თუ არა იმის სურვილს, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდეს?

- ეს არასწორია, რადგან გაფიცხებულ ადამიანს შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ გააზრებული აქვს ყველას, რომ ეს კეთდება არა ვიღაცის ამბიციების დასაკმაყოფილებლად. პირადი დამოკიდებულება ყველამ უნდა გადავდოთ უკანა პლანზე. უნდა ვაკეთოთ ის, რაც პროექტისთვის საჭიროა.

გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მათ ვერ მიიღეს ზუსტი პასუხი...

- ფაქტია, რომ ყველაფერი გადაგზავნილი იყო. სოფო ელაპარაკებოდა ცალ-ცალკე ყველას. დილიდან ხარ “მარიოტში“, საათში მოდის 50 დიზაინერი, ყველას აქვს პრეტენზია... ძალინ რთულია ეს. ბევრს ცუდი ესკიზები ჰქონდა, მაგრამ სოფოს მეშვეობით ზოგმა ორ დღეში შეცვალა კოლექცია და გაუმჯობესებული ვარიანტი იგზავნებოდა. ამ შემთხვევაში ვურეკავთ და ვეუბნებით: მოდით და შეხვდით სოფოს. ისინი შეხვდნენ, მაგრამ ისინი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ესკიზები დავკარგე. ჯობდა თავისი იდეები მოეყოლათ. ბევრი დიზაინერი ესკიზის გარეშეც მოდიოდა. მათ კონსულტაციის საშუალება ჰქონდათ.

კარგით, ქალბატონო ციცი, ნუ ღელავთ...

- არ ვნერვიულობ, მიჩივლონ და ყველაფერს საბუთებით დავამტკიცებ...