ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ გაუთქმელობის პრინციპთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის მომხრეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, შესაბამისი განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა გააკეთა.
„ბოლო პერიოდის გახმაურებულმა საქმეებმა, განსაკუთრებით კი ეს გამოჩნდა ე.წ ციანიდის საქმეზე, როცა ხშირად იყო ნახსენები გაუთქმელობის პრინციპი, აჩვენა, რომ ამით თითქოს საინტერესო ფაქტები დაიმალა ან არ გახმაურდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საჭიროა კანონის დახვეწა იმისთვის, რომ გაუთქმელობის პრინციპი არ იყოს მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია ამ შემთხვევაში და არ ხდებოდეს გამოყენება სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ამ ყველაფრის მოდერნიზება და არსებობს წინადადებებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ განსახილველი საკითხია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.