საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამ წუთებში სხდომას მართავს. დღევანელ სხდომაზე საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს 17 ივლისამდე ყველა არსებული სატელევიზიო გადაცემებების შენარჩუნებას, ხოლო ახალი საეთერო ბადისთვის კონკურსის გამოცხადებას.
როგორც ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ განუცხადა, ამ გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ჩატარდება კონკურსი ახალი საეთერო ბადისთვის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც არსებული გადაცემები, ასევე ახალი იდეები. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია თუ როგორ დაკომპლექტდება კომისია და რა ვადებში იმუშავებს. როგორც სალაძე აღნიშნავს, წინა გეგმასა და ამ გეგმას შორის სერიოზული ცვლილები რეალურად არ არის.
„სტრუქტურა, რომელიც 2 მარტს შემოვიდა მენეჯმენტის მხრიდან დიდწილად არ განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც წარმოდგენილი იყო 6 თებერვალს. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ მენეჯმენტმა განაცხადა, სატელევიზო ბადე არსებული სახით დარჩება 17 ივლისამდე. მთავარი კითხვა არის რა იქნება 17 ივლისის შემდეგ და რა გავლენას მოახდენს 17 ივლისის შემდგომ მოვლენებზე. მე მაქვს წარმოდგენილი გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც წარვუდგენთ საბჭოს, რომელიც შეეხება იმას, თუ რა სხვაობაა 6 თებერვლის და 2 მარტის სტრუქტურის ვერსიებს შორის. ეს ვიზუალური მასალა დადასტურებს, სინამდვილეში გამარტივება ხდება თუ სხვა რამეს ემსახურება ახალი სტრუქტურის წარმოდგენა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
მისივე თქმით, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, მენეჯმენტი ამბობს, რომ სხვა გადაცემებთან დაკავშირებით დაიწყებს პროცედურებს კონკურსის გამოცხადებასთან მიმართებაში.
„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადაცემაში დასახელებული ადამიანები, ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაცია. ადმინისტრაციაში დასაქმებულ ადამიანებზე სტრუქტურის ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს. საუბარია 17 ივლისის შემდგომ პერიოდზე. საუბარია იმაზე და ლეგიტიმიური კითხვა ჩნდება, რომ თუ 17 ივლისის შემდგომ უნდა დაიწყოს პროცესები, რატომ შედის სტრუქტურაში ცვლილებები ახლა“, - განაცხადა სალაძემ.
მისივე თქმით, საბჭოზე შემოტანილია ასევე ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებით თუ როდის დაიწყება კონკრეტული პროცედურები, თუ როდის შეიქმნება კომისია, როდის გამოვლინდება გამარჯვებული გადაცემები, როდის იქნება მზად ახალი სატელევიზიო ბადე.