პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით, ეს იყო პრეზიდენტის განცხადებების შეფასება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი კახიანის თქმით, საკონსტიტუციო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ნაცვალდ იმისა, რომ პრეზიდენტი მონაწილეობდეს საკონსტიტუციო ცვლილებებში, მან პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესიდან გაირიყა.
”პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება იყო პასუხი პრეზიდენტის შეფასებებზე, რომელიც მან გააკეთა და ფაქტიურად ბრალი დაგვდო თითქოს ის საქმიანობა და გადაწყვეტილებები, რომელიც კომისიაში ხდება, უკავშირდება მას პირადად. სამწუხაროა პრეზიდენტის დამოკიდებულება საკონსტიტუციო კომისიისადმი. პრეზიდენტი არის ერთდერთი პირი, რომელმაც რეფორმის ფარგლებში პროცესის ბოიკოტირება მოახდინა. შედეგად ის მიიღო, რომ პროცესიდან გაირიყა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის განცხადებებით ცდილობს დააკნინოს პროცესი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით. ეს იყო პრეზიდენტის განცხადებაზე შეფასებები”, - განაცახადა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანის შეფასებით, პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ექნება წარმომადგენლობითი ფუნქცია და შეფასება თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს პრეზიდენტის უფლებების შემცირებას, არასწორია.
„თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 4 მარტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.