აღმაშენებლის გამზირზე ჭადრების მოჭრა დაიწყეს. ამ წუთისთვის აღმაშენებლის 139–ის წინ ორი უზარმაზარი ჭადარია მოჭრილი. პრესა.გე ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო და გაესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც ხეების მოჭრას ხელმძღვანელობენ.
გვითხრეს, რომ ისინი “თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები არიან და ხეებს ჭრიან იმის გამო, რომ მერიაში, ჭადრებით შეწუხებული მოსახლეობის უამრავი განცხადება დევს, რაც ხეების მოჭრის საფუძველი გახდა – “ალერგიული ხეა, მხოლოდ ჭაობიან ადგილებში ირგვება. მათ ძვირფასი ხეების ჯიშებით ჩავანაცვლებთ“.
როცა დაკონკრეტება ვთხოვეთ, თუ რომელი ძვირფასი ჯიშებით ჩაანაცვლებდნენ ჭადრებს, ვერ გვიპასუხეს, მობილური ტელეფონით სადღაც დარეკეს და მხოლოდ ამის შემდეგ გვითხრეს, რომ ჭადრებს კატალპებით და რუბინიებით ჩაანაცვლებდნენ.
რედაქციიდან ტელეფონით დავუკავშირდით “თბილისის ჰამქრის“ უსტაბაშს, ალექსანდრე ელისაშვილს და თბილისის მერიის პრესსამსახურს, საიდანაც “თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელთან, გიორგი საბანაძესთან გადაგვამისამართეს. მან პრესა.გე–ს კითხვა – რატომ ჭრით ჭადრებს აღმაშენებლის გამზირზე? არამართებულად მიიჩნია:
“ზოგადად ასეთი მიდგომა, რატომ ვჭრით ხეებს აღმაშენებლის გამზირზე, არამართებულია. გეტყვით რა არის საფუძველი და რა არგუმენტებია. აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია ხდება, გარკვეული შენობების რესტავრაცია დასრულდა. ეს პროცესი გაგრძელდება, რომელიც გრძელვადიანია. იმ შენობების წინ, რომელთა გამაგრება და ფასადების რესტავრაცია მოხდა, ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, რადგან შენობების დაბზარვა, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობითაა გამოწვეული.
საფეხმავლო სივრცეში კი მიწისქვეშა კომუნიკაციები იმიტომაა დაზიანებული, რომ ჭადრის ფესვთა სისტემა მას აბსოლუტურად ანადგურებს. ამიტომ შეცვლას ვერ განვახორციელებთ, თუ ეს ღონისძიება არ ჩავატარეთ, რადგან ნებისმიერ მონაკვეთში უამრავი კომუნიკაციაა – ინტერნეტის სადენებია, წყალსადენია, კანალიზაციაა, სანიაღვრეა, დრენაჟია.
შესაბამისად, აღმაშენებლი ისე არ რჩება, საკმაოდ ძვირფასი ჯიშის მცენარეები ირგვება, რაც მიღებულია მსოფლიოს ძირითად გამზირებზე, ევროპაში და ასე შემდეგ. მაგალითს გეტყვით – ლაღიძის სახლის წინ შეგიძლიათ ნახოთ კატალპები, რუბინიები, არაჩვეულებრივი თვისებებით – არაალერგენული, გამძლე და კარგი ჯიშია, დეკორატიული ღირებულებაც საკმაოდ მაღალი აქვს“.
გამონაბოლქვის შეკავებაზე საბანაძეს ასეთი პასუხი აქვს – “შეგვიძლია კონტრარგუმენტად მოვიყვანოთ ის, რომ საკმაოდ ალერგიულია თვითონ ჭადარი და ბევრი ადამიანი გაზაფხულიდან მოყოლებული ზაფხულის ჩათვლით საკმაოდ დატანჯულია, შეგიძლიათ ძველი თბილისის გამგეობაში უამრავი განცხადება ნახოთ, მაგრამ ჩვენ ამას მიზეზად არ ვასახელებთ.
მთავარი ისაა რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს, შენობები უნდა გადავარჩინოთ და საფეხმავლო სივრცე მოვაწესრიგოთ. თუ ეს ღონისძიება არ განვახორციელეთ, ეს ვერ მოწესრიგდება“.
პრესა.გე–ს კითხვაზე – საიდან ჩამოიტანეთ კატალპები და რუბინიები? გიორგი საბანაძემ მოგვიგო: “ეს ჯიშები არის ადგილობრივი, ასევე არის იტალიიდან და ბელგიიდან ჩამოტანილი. მცენარეები ჩამოტანილია არა გუშინ და დღეს, არამედ რამდენიმე წლის წინ და ერთი წლის წინ ჩამოტანილიც, რომელიც არის შენახული, მოვლილი და ამ მცენარეებს ვიყენებთ“.
გიორგი საბანაძე არ უარყოფს, რომ არსებობს საწინააღმდეგო აზრი, მაგრამ ამბობს, რომ “მიწისქვეშა წყლები შენობების ფუნდამენტებს რეცხავს, აზიანებს და ეს შენობები ერთ მშვენირ დღეს თავზე ჩამოგვექცევა, თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები არ შეიცვალა“.
“თბილისის ჰამქრის“ უსტაბაში, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია და ეს ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რომ ეკოლოგიური თვალსაზირისით აღმაშენებლის გამზირზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაა:
“ყველაზე საძაგელი ჰაერი არის სწორედ აღმაშენებლის გამზირზე, რისი შთამთქმელიც არის ჭადარი. აღმაშენებლის გამზირის თავზე პირდაპირ გამონაბოლქვის ღრუბელი დგას. ეს ჩემეული შეფასებაა, მაგრამ ამის დანახვა მარტივად შეიძლება. კვლევების შედეგად გამოვლენილია, რომ ამ გამზირზე უმძიმესი მდგომარეობაა.
რუსთაველის გამზირის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მოჭრილი ჭადრის ნაცვლად აღმაშენებელზე ჯოხს ჩაარჭობენ და ის ხედ გადაიქცევა, მანამდე გამონაბოლქვი გაძლიერდება და ხალხი დაიწამლება.
მე მარწმუნებენ, რომ რეაგირება მოხდა მოსახლეობის მხრიდან შეტანილ განცხადებებზე, რაც მე არ წამიკითხავს, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ესაა სრული უგუნურება, როგორც მოსახლეობის, ისე ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან, იმიტომ რომ ვიმეორებ, აღმაშენებლის გამზირი გამონაბოლქვისგან კატასტროფულ მდგომარეობაშია“.
ელისაშვილის აზრით, ასწლოვანი ჭადრების ახალი ჯიშებით ჩანაცვლებით, ვიღაც “ჯიბეს ისქელებს“:
“გამწვანების სამსახური ჩაბარებული აქვს, ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს, კობა ხარშილაძეს, რომელიც ჟვანიას მკვლელობის შემდეგ გამგებლის მოადგილედ გადაიყვანეს. სად ჟვანიას დაცვის უფროსი და სად გამწვანება?! მაგრამ გამწავენებაში ყველაზე დიდი ფული კეთდება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ალბათ ვიღაცამ ჯიბე უნდა გაისქელოს. ეგ არის და ეგ“.