სოსო ცისკარიშვილი: ”დამფრთხალ და გულჩათხრობილ ქართველებს არ უყვართ საკუთარი აზრის დაფიქსირება”

სოსო ცისკარიშვილი: ”დამფრთხალ და გულჩათხრობილ ქართველებს არ უყვართ საკუთარი აზრის დაფიქსირება”

IRI-ს კვლევებს პრესა.გესთან საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აფასებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტეს მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას მხარს უჭერს 32 პროცენტი, 51 პროცენტის აზრით, უმუშევრობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მოაგვარებს. ხოლო, 46 პროცენტი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკასვილი საუკეთესო მმართველია. 

რატომ უთანაგრძნობს 46 პროცენტს სოსო ცისკარიშვილი, რას ურჩევს ოპოზიციას და რატომ ეპარება ეჭვი მოსახლეობის გულწრფელობაში? პრესა.გე სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. 

`სად იპოვეს დასაქმებული რესპოდენტების 51 პროცენტი? თუ სახელმწიფო სამსახურში ნახეს, რეალურად მოსახლეობის ასეთი პროცენტი არ არსებობს. 

როცა იჭერენ ბიზნესმენებს, ექიმებსა და პედაგოგებს ათავისუფლებენ სამსახურებიდან, ადამიანების ძირითადი ნატვრაა, რომ ღამე საკუთარ ლოგინში გაატაროს, რადგან ჩვენში მომრავლდა უზნეოთა კატეგორია, როცა საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქციეს, ჭიპზე მიმაგრებული ვიდეოთვალი, მაშინ ასეთი გამოკითხვები დამაჯერებლობას კარგავს”. 

ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას 32 პროცენტი უჭერს მხარს.

-არ გამოვრიცხავ, ეს იყოს იმ პასუხების შესაბამისი, რაც მიიღეს, მაგრამ ვრჩები იმ აზრზე, რომ დამფრთხალ და გულჩათხრობილ ქართველებს არ უყვართ საკუთარი აზრის დაფიქსირება. 

ფიქრობთ, რომ მოსახლეობა დაშინებულია?

-რაც შეეხება საუკეთესო მმართველად მის დასახელებას, ვფიქრობ, რომ 46 პროცენტი მაინც დაშინებულია. ვუთანაგრძნობს ამ 46 პროცენტს, უკეთესი მმართველის ხელში მუშაობა არ მოსწრებიათ. 

არც იმდენად მიამიტი ვარ, ვიფიქრო, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები აკლია, მაგრამ როცა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მიდის, მაშინ უჭირს გულწრფელად არჩევანის გაკეთება და როცა პირისპირ, ვიღაც დაკითხვას უწყობს მათ, გულწრფელობაზე საუბარი რთულია. 

ამიტომ, ნუ შევიწუხებთ თავს დიდი ანალიზით. როცა ქვეყნის გამთლიანების უკეთეს წინამძღოლად მიხეილ სააკაშვილი ეგულება, რომელმაც ეს მთლიანობა დააქცია, ვფიქრო, რომ თავად ამ პროცენტს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ აწუხებს. 

იქნებ, ალტერნატივას ვერ ხედავენ.

-საკუთარი თავი მაინც შემოგვთავაზონ. თვითონ შეძლონ, მოდით, სხვას მივცეთ შანსი. არსებობს, ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც შეეძლო ამის გაკეთება, დღეს კი ჩიხში ვართ, როცა 51 პროცენტი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს ყველაზე კარგად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. 

ამ გამოკითხვაში სიახლე ის არის, რომ წინა გამოკითხვებთან შედარებით, უფრო მეტი პროცენტით მხარდამჭერი ჰყავს თარგამაძეს, ვიდრე ალასანიას, რაც ხელის ჩაქნევის და აღტაცების საფუძველი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ნათელაშვილს, მისი წარმოჩენა პირველ სამეულში არ არის მოულოდნელი, კითხვა ჩნდება იმ პოპულაციის მიმართ, თუ რატომ არის ასეთი განსხვავება. 

თუ პროცესი გამჭვირვალე იყო, აღწერონ, რა მეთოდით ჩატარდა გამოკითხვა. თუ ეს სატელეფონო გამოკითხვაა, მას ანონიმურად არავინ ჩათვლის, რადგან სახლში რომ გირეკავენ, ყველამ იცის, რომ წინ უკვე შენი თითის ანაბეჭდები უდევთ. 

ოპოზიციაზე საუბრობდით, რას ურჩევთ მათ?

-უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ჩაღრმავდნენ, მოიძიონ თვითკრიტიკის უნარი, თუ არ იქნება საკუთარ გუნდში ღია დამოკიდებულება და ამ ყველაფერს წარმატების საშუელება არ მისცეს, და 5, 6 პარტია მაინც წარმოჩინდეს სოლიდურად, კიდევ უფრო გაუჭირდებათ პოლიტიკური კულტურისკენ ნაბიჯების გადადგმა.