ხვალ ისტორიულ მიჯნაზე ვდგავართ, რათა სამართლიანობა აღდგეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის თქმით, ის აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე ტელევიზია დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება. ამასთან, ჯარჯი აქიმიძე მიიჩნევს, რომ დღეს ”რუსთავი 2” არის პარტიული ტელევიზია, ისევე როგორც ეს 2004 წლიდან ხდება.
”2004 წელს „რუსთავი 2“ გახდა ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” . ზუსტად ეს ტელევიზია აღმოჩნდა მაშინდელი გამარჯვებული პარტიის ხელში. პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ”რუსთავი 2” უნდა გადაეკეთებინათ პარტიულ ტელევიზიად. ერთი თვის ზეწოლის და თვალთვალის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენ დავთმეთ საკონტროლო პაკეტის 60 პროცენტი.
შემდეგი ორი საპარლამენტო ვადის განმავლობაში „რუსთავი 2“ სამთავრობო ტელევიზია იყო. 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ „რუსთავი 2“ ოპოზიციური ტელევიზია გახდა, თუმცა ის კვლავ რჩება პარტიული ჯგუფის ტელევიზიად.
არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, თუმცა მე ჩემი წარმოდგენა მაქვს თავისუფალ მედიაზე და ვთვლიდ რომ ეს თავისუფალი მედია არ არის. შესაბამისად, ხალხი გამოდის, რომ იცავს პარტიულ ტელევიზიას. ხვალ ისტორიულ მიჯნაზე ვდგავართ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა. რომელიც რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, ეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რათა სამართლიანობა აღდგეს. სამართლიანობა აღდგება, ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ტელევიზია დაუბრუნდებათ იმ დამფუძნებლებს, რომლებმაც ის თავისი შრომის და ოფლის ფასად შექმნეს.
მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ტელევიზია ძველ დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება", - განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ.