უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს „ის უფროსი ძმა“

უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს „ის უფროსი ძმა“

პრაქტიკულად ვიღებთ ორუელის 1984-ს, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას.

უგულავას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის და სუს-ის დავალებით დაამტკიცა კანონი, რომელიც სუს-ს შესაძლებლობას აძლევს, „აბსოლუტურად უკონტროლოდ შემოიხედოს ნებისმიერ საძინებელ ოთახში, ნებისმიერ სახლში, ჰაკერულად მოიპაროს ინფორმაცია ნებისმიერი კომპიუტერიდან“. ამასთან, უგულავას თქმით, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს შესაძლებლობები ყოველწლიურად ათმაგდება.

„ჩემი ინფორმაციით, დღეს სუს-ს შეუძლია, 10 ათასობით აბონენტს ერთდროულად მოუსმინოს. ამ კანონპროექტით კიდევ დაემატა რეგიონული ოფისების შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამგეობების, მერიების, მუნიციპალიტეტების დონეებზე ჩადიან. პრაქტიკულად ვიღებთ ორუელის 1984-ს, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს. რაც მთავარია, პარლამენტმა დღეს დაგვანახა, რომ აბსოლუტურად ნოტარიალურ კანტორად არის გადაქცეული. პრაქტიკულად ჩვენ დღეს გავაფორმეთ სუს-ის პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც არავითარი ბალანსი აღარ ექნება. ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ამას ყველანაირად შევუშალოთ ხელი, იქნება ეს სარჩელით, საპროტესტო აქციებით თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიებით“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, სრულიად ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები დარაზმულია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

„თუ ჩვენ ეს გავატარეთ და როგორც საზოგადოებამ, ამ უკანონობის დაკანონება მივიღეთ, ამას ექნება თავისი ფასი და ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი - საზოგადოების რიგითი წევრები, ჟურნალისტები (ერთ-ერთი მთავარი სამიზნე), პოლიტიკური ოპოზიცია და რაც მთავარია, უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა - პირველ რიგში, თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს ის უფროსი თქვენი ძმა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.