ვიზალიბერალიზაცია არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

ვიზალიბერალიზაცია არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი საქართველოს და ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებულ პროგრესს ულოცავს. როგორც ანდრეი მამიკინსმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

”ხალხთა შორის ურთიერთობა, ჩემი აზრით, ვაჭრობის სფეროსთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა, მას მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ერთი სიტყვით, ეს არის ევროკავშირისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ანდრეი მამიკინსმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

”თუ მეკითხებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, ვიცი, რომ ეს ქართული მედიისთვის ნომერ პირველი საკითხია. შეგახსენებთ, ევროკომიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის წერილობით განცხადებას, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ იუნკერმა გერმანულ მედიაში განაცხადა, რომ უკვე მიღწეული შედეგი სავსებით დამაკმაყოფილებელია. 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოვების მიმართულებით სრულიად ახალი ვექტორი”, - განაცხადა ანდრეი მამიკინსმა.