ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული, როდესაც ჯერ ევროპარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, შემდეგ უკვე საბჭომ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება და პრაქტიკულად ხელმოწერიდან 20 დღეში, ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუცხადა.
„ეს არის სიგნალი, რომ საქართველომ რეფორმებით და ცვლილებებით დაუმტკიცა ყველას, რომ იმსახურებს ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციას. ეს არ არის ბოლო წერტილი ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმის შესრულებას და განხორციელებას, რომელიც მომავალში დაგვეხმარება მოვიპოვოთ უფრო მტკიცე ადგილი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, დიდ ევროპულ ოჯახში. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, თითოეული მოქალაქე, თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გაემგზავრება ევროპაში, კიდევ უფრო მეტად ხდება საკუთარი ქვეყნის ელჩი ევროპაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ფრთხილად, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ დიდ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუცხადა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.