ნატო აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულია

ნატო აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტს ნატო ეხმიანება და შემაშფოთებელს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ გააკეთა.

„გადაკვეთის ამ წერტილების დაკეტვა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ასობით ადამიანი, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილზე, ისე რეგიონში სტაბილურობაზე. ეს შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, აისახება ადგილობრივთა ცხოვრებაზე. მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ იმისთვის, რომ მოხდეს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ლუნგესკუს განცხადებაში.

ნატოში ასევე განაცხადეს, რომ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. „მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების აღიარება“, - განაცხადა ლუნგესკუმ.