პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირწმუნება, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხი საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ის რისკები და საფრთხეები, რაც აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას შეიძლება მოჰყვეს.
დეპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიცია აღნიშნული თემის ხელოვნურად აქტუალიზაციას ცდილობს.
“აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას. ბუნებრივი და გასაგებია, რომ ამას სომხეთი ითხოვს, რადგან სომხეთისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი სატრანზიტო საშუალება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამის გაკეთებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უმეტესწილად პოლიტიკური საფუძველი, რაც თავის მხრივ, ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.