“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე არც პრეზიდენტის ვეტოს გამორიცხავს და არც მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავების პროცესში მთავარი იყო ოქროს შუალედის პოვნა, უსაფრთხოების დაცვის საკითხსა და სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ინტერესებს შორის.
“ეს არის ძალიან რთული დილემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსადმი. ვფიქრობთ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არის საუკეთესო ვარიანტი ამ დროსა და სივრცეში, პროექტი იმაზე უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ამის მოცემულობა გვაქვს. ამასთან, რა პროექტიც არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ოპოზიცია, პრეზიდენტი და სხვები, ვინც არ იღებენ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქნებოდა კრიტიკის ფორმატში, რადგან მათ ეს პოლიტიკური მიზნებისათვის სჭირდებათ, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.