იმედი მაქვს, რომ მალე, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას

იმედი მაქვს, რომ მალე, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას

იმედი მაქვს, რომ მალე, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას შენგენის ქვეყნებში, - ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, ეს არის ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

”მე ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებით ამ ამაღელვებელ მომენტს. ძალიან მალე ჩვენ უკვე ფორმალურად დავასრულებთ დარჩენილ პროცედურებს და ადმინისტრაციულ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ მალე - თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ქვეყნებში.

აღარ იქნება საჭირო ვიზიტები კონსულებთან მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ ამ უდიდესი მიღწევით იამაყოთ ქართველებმა. ეს გახლავთ ერთობლივი ძალისხმევა ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების, რომელზე მუშაობაც დაიწყო 2012 წელს.

ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ და ძალიან მოკლე ვადებში მიაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა იმ უმაღლესი სტრანდარტის გათვალისწინებით, რომელსაც ითვალისწინებდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, იქნება ეს საზღვრის მართვა, ასევე თავშესაფრის პოლიტიკა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ მონაცემთა დაცვა. ეს გახლავთ მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელიც თქვენ ზედმიწევნით შეასრულეთ.

მძიმე შრომა იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მიერ მთელი ამ პროცესების განმავლობაში და მე მსურს უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი თავდადებისთვის და ძალისხმევისთვის”, - აღნიშნა ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება დაახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს“.

„აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა“, - განაცხადა მალტის შს მინისტრმა.

„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.