დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამს არ დაესწრება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მედიასთან მორიგი დაპირისპირების შემდეგ დაწერა.
„მე არ დავესწრები თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ვახშამს ამ წელს. ყველას სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პირველმა პირმა არ განმარტა, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის პრეზიდენტმა ჯეფ მეისონმა კი აღნიშნა, რომ საღამო შედგება, იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას პრეზიდენტი.
ვახშამი მიმდინარე წლის 29 აპრილს გაიმართება. ის 1920 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და, ხშირ შემთხვევაში, იუმორისტულ ხასიათს ატარებს.