ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი უარყოფს პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავების შემდეგ 5-ჯერ შესთავაზეს დაკითხვა.
როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს, 11 თებერვალს ბრალი წაუყენეს, შემდეგ დღის წესრიგში იდგა აღკვეთის ღონისძიების საკითხი.
ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ მამა გიორგი მამალაძე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში, იქედან მე-9 დაწესებულებაში, საიდანაც სულ რამდენიმე დღეში გადაიყვანეს კლინიკაში.
„შესაბამისად, თუ პროკურორები ბადრაგირების პერიოდში მანქანაში ისხდნენ ბრალდებულთან ერთად და მაშინ სთავაზობდნენ დაკითხვას, ეს ჩემთვის უცნობია და ეს შეუძლებელი იყო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ დეკანოზს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, დაახლოებით, ერთ საათში გამომძიებელი ექსპერტებთან ერთად ნიმუშების ასაღებად ჩაფიძის კლინიკაში მივიდა.
„როგორც პროკურორის განცხადება მოვისმინე, თურმე იმ პერიოდში მამა გიორგი ჯანმრთელად ყოფილა და შეეძლო ჩვენება მიეცა - ეს არის სიცრუა. ზუსტად იმ პერიოდში დამატებით ექიმების მოთხოვნით მამა გიორგი გადაყვანილი იყო სხვა კლინიკაში და თავზე ტომოგრაფია გადაუღეს და სხვა კლინიკაში გადაყვანის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს“, - განაცხადა რამიშვილმა.
რაც შეეხება კლინიკაში ნიმუშების აღებას, ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძეს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და შეცვლილი ჰქონდა ხმის ტემბრი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ პროკურატურასთან მოხდა შეთანხმება, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მომხდარიყო, თუმცა გუშინ პროკურაორებმა დაკითხვა არ განახორციელეს.
„ისინი მოვიდნენ, მოიყვანეს ექსპერტები ნიმუშების ასაღებად და ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მამა გიორგის დაკითხვა. მე ვკითხე მამა გიორგის - იყო თუ არა მზად გუშინვე მიეცა ჩვენება, რაზეც მამა გიორგიმ რამდენჯერმე თქვა, რომ როგორც კი დამთავრდებოდა ნიმუშების აღება, დილამდე მზად იყო და დიდი სურვილი ჰქონდა ჩვენება მიეცა. როგორც კი ნიმუშები აიღეს, მათ გასვლა დააპირეს შეხვედრის ოთახიდან, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ არ იცოდნენ ჩვენებას რამდენი ხანი დასჭირდებაო. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ უარი გვითხრეს. ამის შემდეგ გადიან და პროკურორი უტიფრად ამბობს, რომ ჩვენ ვითომ შევთანხმებულვართ მომდევნო კვირის ერთ-ერთ დღესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება. წიკლაურმა ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენებას მიცემაზე. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 5-ჯერ შესთავაზეს დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.