გასაგებად ვთქვი, რომ თანამდებობაზე არ დავბრუნდები, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ვის დანიშნავენ დაცვის უფროსად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობაზე დაბრუნებას იმ შემთხვევაში თუ პატრიარქის დაცვის უფროსად სოსო ოხანაშვილის ნაცვლად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნება.
როგორც ცნობილია, სოსო ოხანაშვილსა და დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს უთანხმოება ჰქონდათ და ბოლო დღეებში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მწვავე განცხადებებიც გააკეთეს.
„ვთქვი, რომ არ ვბრუნდები თანამდებობაზე. გასაგებად ვთქვი, ბავშვი ხომ არ ვარ ვხუმრობდე! მე თანამდებობაზე არ დავბრუნდები. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ვის დანიშნავენ“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
დეკანოზი წლების განმავლობაში პატრიარქის მდივნად მუშაობდა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი თანამდებობიდან ოფიციალურად არ გათავისუფლებულა, თუმცა მან მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა. საპატრიარქოს განცხადებით კი, პატრიარქს დეკანოზ მიქაელ ბოტოველთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბუჩუკური ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს.