მთავრობის მხრიდან არის ყველანაირად მზაობა იყოს მუდმივი კომუნიკაცია კონგოს მთავრობასთან, რათა გვქონდეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის შესახებ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ის თავად არ არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში.
“ყველანაირად არის მზაობა მთავრობის მხრიდან, იყოს მუდმივი კომუნიკაცია კონგოს მთავრობასთან, რათა გვქონდეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის შესახებ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ მისი უფლებების დაცვა”, - განაცხადა ლევან იზორიამ.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად მეამბოხეების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში.
თავის მხრივ მეამბოხეების მიერ დატყვევებული ქართველი მფრინავის თანასოფლელები აცხადებენ, რომ ლევან ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ ამბოხებულები მილიონ დოლარს ითხოვენ.