შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკელ კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრთა სახელებს უკავშირდება, 2016 წელს კონგრესში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და უკანასკნელ წლებში, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერის მობილიზება.
”მათ სახელს უკავშირდება ორ ქვეყანას შორის განათლების, თავდაცვის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, ხალხთაშორისი ურთიერთოებების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში მიმიდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან, ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელ მეგობრებთან ჩვენ ვიმსჯელეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.