ერთადერთი აზრი და არსი ე.წ.ფარული მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებების არის ის, რომ შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცულობის ინტერესების დაბალანსება.
,,ე.წ.მოსმენების კანონთან დაკავშირებით ერთადერთი აზრი და არსი ამ ცვლილებების არის ის, რომ შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არსებული სისტემა ხარვეზიანად და არაკონსტიტუციურად ჩათვალა. რაც შეეხება იმას რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ითხოვს, გასაგებია, რომ მოთხოვნები მაქსიმალისტურია, ზოგჯერ არასწორიც. ჩვენი მიზანია პირადი ცხოვრების, სახელმწიფო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცულობის ინტერესები დავაბალანსოთ.
კრიმინალის დონე ქვეყანაში მაღალი არ უნდა იყოს. ამავე დროს არ უნდა დავაზარალოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ინტერესები. მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი დაბალანსებულია. გუშინ, როგორც იცით, ბევრი შენიშვნა გამოთქვეს. მე მგონია, რომ შენიშვნებიდან არის რაღაც ნაწილი რომლის გათვალისწინებაც შეიძლება. რაც შეეხება იმას რომ რაიმეს გაუარესება ხდება, აბსურდია და არაკომპეტენტური განცხადებაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.