„,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუკი პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოც იძულებული იქნება მისი ვეტო გაითვალისწინოს.
,,ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მაგრამ არავითარი იმედი არ მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც იგივეს გადაწყვეტს, მაგრამ იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს, რადგან პრეზიდენტის ხმა ხალხის ხმას ნიშნავს.
რატომ იქცევა უმრავლესობა ასე ფორსირებულად ამ კანონის ირგვლივ. რატომ უნდათ ამაღამ დაამთავრონ, რომ ვიღაცას ჩააბარონ ეს კანონი? ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ძალაუფლების მობილიზაციისთვის. გუშინ, საკომიტეტო მოსმენებზე მთელი კავშირგაბმულობის ბიზნესი აქ იყო წარმოდგენილი. იყვნენ პროვაიდერები, რომლებიც საქართველოში სულ მცირე 2 მლრ დოლარის ოდენობის აქტივს ფლობენ და ეს ხალხი ბოლო წამს გამოფხიზლდა. იმდენად ფარულად მიდიოდა ამ კანონის მუხლების განხილვა, სულ ბოლო მომენტში გაიგეს, რა საფრთხეები ელოდათ მათ. ვეტო ეს არის კიდევ ერთხელ ინფორმაციის მიწოდება, მოსახლეობის გამოფხიზლება, საგარეო თუ საშინაო ზეწოლის ბერკეტების ამოქმედება.
ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ვიღაცას გონება გაუნათდეს და ხელი არ ასწიონ ისე, როგორც ზემოდან ჩასძახებენ. ვეტო მაინც ქმედითი ინსტიტუტია. ის გავლენას მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზეც. პრეზიდენტის მიერ კანონის დაწუნება მოსახლეობის ხმას ნიშნავს და საკონსტიტუციო სასამართლო იძულებული გახდება, ანაგარიში გაუწიოს როგორც საპარლამენტო ოპოზიციას, ასევე საზოგადოებას“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.