პარლამენტის ბიურომ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული პაკეტის განხილვის გადადების შესახებ უმცირესობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პარლამენტის ბიურომ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული პაკეტის განხილვის გადადების შესახებ უმცირესობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის ინიციატივა, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემდეგი სესიისთვის გადადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისი წინადადება სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე დააყენა. 

”მე მაქვს წინადადება, რომ ამ თემის განხილვა გადავდოთ შემდეგი სესიისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ იცით, რა რეჟიმში მიმდინარეობს ამის განხილვა. მეორე მიზეზი არის ის, რომ გუშინ კომიტეტი დამთავრდა გვიან ღამე. ასევე, მაქვს შთაბეჭდილება, რომ დაჩქარების მცდელობაა, მაშინ როდესაც ბევრი ორგანიზაცია, პრეზიდენტი, მათ შორის ოპერატორები არ ემხრობიან მთელი რიგი ცვლილებების შეტანას. მე მგონია, რომ თუ გადაიდება და კონსულტაციები გაგრძელდება, ამაზე უფრო მეტი შანსია, რომ საკონსტიტუციო ვადაში მოესწროს, ვიდრე ახლა, ამ რეჟიმში გაგრძელება. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ მზად ვართ დღესაც ვიმუშავოთ ამაზე, მაგრამ უფრო კონსტრუქციული მგონია და უფრო ნაკლებად დაემსგავსება მართლა საბოტაჟს პროცესის”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა გუშინ კონსულტაციები იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. 

”მათი პოზიცია იყო, რაც გავიზიარეთ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტების პაკეტის განხილვა, პირველ რიგში, იმ ვადებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენც ახსენეთ. ჩვენ ვართ შეზღუდული ვადებით, მარტის ბოლომდე ჩვენ უნდა მივიღოთ 3 მოსმენით კანონპროექტების პაკეტი, ასევე გასათვალისწინებელია კანონის მიღების შემდეგ გასავლელი შესაძლო პროცედურები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა დღეს, მეორე მოსმენით კანონპროექტების პაკეტის განხილვის გაგრძელება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.