პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს რამდენიმე საათში დანიშნავს,თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება

პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს რამდენიმე საათში დანიშნავს,თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება

პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს რამდენიმე საათში დანიშნავს, თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ განუცხადა. 

ანდრიაძემ საპატრიარქო შესვლიდან რამდენიმე წუთში დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, მან კონკრეტული დავალება მიიღო და მის შესასრულებლად გავიდა. 

”პატრიარქი ახლა ხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს. სხვა სამუშაო რეჟიმი იყო და მალე გადაწყდება თუ ვინ იქნება ის პირი, ვინც უპასუხებს თქვენს კითხვებს, მაგრამ ის არ იქნება მდივანი, ანუ არ შეასრულებს იმ მოვალეობას, რასაც მიქაელ ბოტკოველი ასრულებდა. მის მეგობრებს და პატრიარქის თანამებრძოლებს იმედი გვაქვს, რომ მამა მიქაელს ისევ მდივნად ვიხილავთ”, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. 

რაც შეეხება პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილს, კითხვაზე, ნახა თუ არა ანდრიაძემ ის საპატრიარქოში, ის აცხადებს, რომ არ უნახავს. 

მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ საღამოს გააკეთა განცხადება, რომ საპატრიარქოს მდივნის მოვალეობას ტოვებს.