ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე ალტერნატიულ წინადადებას წარადგენს

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე ალტერნატიულ წინადადებას წარადგენს

 საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ თავად ,,ქართული ოცნება’’ აცნობიერებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ირაკლი აბესაძის თქმით, დღეს პლენარულ სხდომაზე ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მათ მიერ წარდგენილი იქნება ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც რეალურად იქნება დაცული ადამიანის უფლებები. 

,,საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ თავად ,,ქართული ოცნება’’ აცნობიერებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობას. თუმცა იძულებულები არიან შეასრულონ ის პოლიტიკური დავალება, რომელიც მათთვის არის მიცემული, რომ მოსმენების ტექნიკური საშუალებები შეუნარჩუნონ სუს-ს. ის ძალიან მცირე ცვლილებები, რომლის გათვალისწინების პირობაც მათ კომიტეტის სხდომაზე დადეს, არანაირად არ ცვლის კანონპროექტის მთლიან არსს, რომ მოსმენებს განახორციელებს კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარჩება მაღალი რისკი ადამიანების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ წინადადებას, სადაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას და ვთავაზობთ, რომ სააგენტო იყოს რეალურად დამოუკიდებელი და პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული, პარლამენტის ძლიერი კონტროლის ქვეშ და ე.წ. ორი გასაღების სისტემით. ეს არის ის მინიმალური გარანტიები, რომელიც კანონს აქცევს კონსტიტუციის შესაბამისად და რაც მთავარია, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.