მამუკა ლომაშვილი:

მამუკა ლომაშვილი: "მიხეილ სააკაშვილს ბარონ მიუნჰაუზენს შევადარებდი"

"თუ ინტელექტი არა გაქვს, ვერ იხუმრებ, ზღვარს ვერ დაიცავ, რა თქვა და რა - არა", - ამბობს მსახიობი და პაროდისტი მამუკა ლომაშვილი. ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, რას ფიქრობს იგი ქართული იუმორის შესახებ.

- მართალია, დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ წიგნის კითხვას ძილის წინ ყოველთვის ვახერხებ. სასთუმალთან ყოველთვის მიდევს ბიბლია. მყავს რამდენიმე გამორჩეული მწერალი, რომლებსაც რეგულარულად ვკითხულობ. ერთ- ერთი მათგანია გოდერძი ჩოხელი. ჩემი სამაგიდო წიგნია "აბა დამაკვირდი!" - ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, რომლებიც თავის დროზე ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იბეჭდებოდა. როდესაც მიჭირს, ეს კრებული მეხმარება. ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში მან დიდი როლი შეასრულა.

მამუკა, წიგნის მოყვარული ბავშვი იყავით?
- ბავშვობაში კითხვა საერთოდ არ მიყვარდა, დაახლოებით მე- 9 კლასიდან დავიწყე მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ისე გამიტაცა, რომ რაც მანამდე არ მქონდა წაკითხული, ოთხ წელიწადში ავინაზღაურე. ისე, ვფიქრობ, არ შეიძლება, ბავშვს კითხვა დააძალო. 

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?
- დღევანდელ საზოგადოებაში უწიგნურობა ნამდვილად შეიმჩნევა, მაგრამ 21- ე საუკუნეა, კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა, წიგნი მაინც თავის სიმაღლეზე რჩება. 

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რომელ მწერალს მოუხდენია?
- უდიდესი ავტორია გოდერძი ჩოხელი. მიხეილ ჯავახიშვილი ხომ მე- 20 საუკუნის კლასიკოსია! ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია. ვაჟა- ფშაველა კი გენიოსია, რომელიც 30 საუკუნის შემდეგაც არ დაძველდება. ძალიან მიყვარს პოეზია: იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე და ჩემი უფროსი მეგობარი ირმა გურიელი. 

- წიგნის მაღაზიებს ხშირად სტუმრობთ?
- ძალიან მიყვარს ბუკინისტებში სიარული. ახლახან ხელში ჩამივარდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობების ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოცემა. მიყვარს ისტორიული ლიტერატურა, განსაკუთრებით თბილისური ტრადიციები მაინტერესებს. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი არის წიგნი და უმეტესად წიგნებს მჩუქნიან. 

- უკაცრიელ კუნძულზე რომელ წიგნს წაიღებდით?
- "ვეფხისტყაოსანს", რადგან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი შესწავლა ახლა დავიწყე...

რომელი პერსონაჟია თქვენთვის მისაბაძი?
- ჩემი საყვარელი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის არსენა ოძელაშვილია. იგი ერთადერთი ყაჩაღია, რომლის ძეგლიც დგას საქართველოში და, მგონი, მსოფლიოშიც... იბრძვის დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ხალხისთვის... ჩემთვის მისაბაძი გმირია. ძალიან მომწონს, აგრეთვე, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დანახული დავით აღმაშენებელი, მისი დამოკიდებულება სიყვარულისადმი, ქვეყნისადმი...

- რომელი პერსონაჟია მამუკა ლომაშვილი?

- არ ვიცი. ნაცარქექია არასოდეს ვყოფილვარ, არც ლუარსაბ თათქარიძე... ვინ არა ვარ, იმის თქმა უფრო გამიადვილდება (იცინის)...

რაც შეეხება იუმორს...
- იუმორს, განსაკუთრებით სცენაზე და ტელევიზიაში, დიდი განათლება სჭირდება. თუ ინტელექტი არა გაქვს, ვერ იხუმრებ, ზღვარს ვერ დაიცავ, რა თქვა და რა - არა... დღეს, სამწუხაროდ, ეს მხარე დაუბალანსებელია. იუმორს, რომელიც "იუმორინაშია", აქვს დიდი ტრადიცია და, ვფიქრობ, ინტელექტუალ მაყურებელზეა გათვლილი. 

- დღეს უამრავი იუმორისტული გადაცემაა...
- იუმორის, ასე ვთქვათ, კეთება საქართველოში გაცილებით რთულია, რადგან იმდენი მასალა არ არის, რომ კვირაში ორი გადაცემა მოამზადო. ვუყურებ რუსულ არხებს და გაოცებული ვარ - ძალიან მაღალი დონის იუმორისტული გადაცემები აქვთ, წამყვანები კი უნივერსალური ადამიანები არიან. ყველაფერი იციან: უცხო ენები, უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, არიან ნაკითხები. სიტყვათა მარაგი ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომ გადაცემა წაიყვანო? რაც თავში მოგივა, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება.

- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებს, სადაც ნათლად არის ასახული, როგორ ცდილობდნენ რუსები ქართული სულის ჩაკვლას.

- პრეზიდენტის პაროდირება მშვენივრად გეხერხებათ. მიხეილ სააკაშვილს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს შეადარებდით?
- მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, ბარონ მიუნჰაუზენს შევადარებდი. რა ვიცი... ისე, ამ ერთ კაცში მრავალი ლიტერატურული პერსონაჟის გაერთიანებაა შესაძლებელი.

რის წაკითხვას გვირჩევს მამუკა ლომაშვილი?
- ყველაფერი წავიკითხოთ, რაც კარგად იკითხება. მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მწერალია მიხეილ ჯავახიშვილი და მის წაკითხვას გირჩევდით. საქართველოში წიგნის კითხვის კულტურა ყოველთვის მისაბაძი და პოპულარული იყო. მავანს ეს გოიმობა ჰგონია, მაგრამ გოიმობა ის არის, როდესაც არ კითხულობ.