ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის გაუგებარია ის მიზეზი, რის გამოც მღვდელმთავრები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას არ აპირებენ. ამასთან დაკავშირებით ე.წ. მატროსოვის ციხესთან დღეს რამიშვილი განცხადების გაკეთებასაც გეგმავს.
”როგორც მე გავეცანი უსაფრთხოების სამსახურს მიუცია რეკომენდაცია უსაფრთხოების მიზნით. რა შეფასება უნდა მივცე? აქამდე თუ ნახულობდნენ მეუფეები მაგათთვის არ არსებობდა უსაფრთხოების წესები? მე არ მესმის უბრალოდ ეს რა საფუძველია. ამას გავარკვევ როცა შევალ მამაოსთან. ვგეგმავ განცხადების გაკეთებასაც”, - განაცხადა რამიშვილმა და აღნიშნა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზს დღეს, 11:00 საათზე მოინახულებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დეკანოზმა გუშინ პატრიარქსა და უწმინდესს შეხვედრის თხოვნით მიმართა. დეკანოზის სურვილი იყო, რომ მათთან იმ ჩვენების შესახებ ესაუბრა, რის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს. თუმცა, საპატრიარქომ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა. პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავნო საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.