ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის დუმილის უფლება დაარღვიოს და გამოძიებას ჩვენება მისცეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, შესაბამისი განცხადებით, რომ ბრალდებული უმოკლეს ვადაში დაიკითხოს, დაცვის მხარე დღეს, 10:30 საათზე მთავარ პროკურატურას მიმართავს.
”ამ განცხადებით მოვითხოვთ, უმოკლეს ვადაში მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. შესაბამისად, მამა გიორგი თანახმაა დაარღვიოს დუმილის უფლება და გამოძიებას მისცეს ჩვენება. ველოდებით გამომძიებლებს, რომ მოვიდნენ და დაკითხონ მამა გიორგი”, - განაცხადა რამიშვილმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დეკანოზმა გუშინ პატრიარქსა და უწმინდესს შეხვედრის თხოვნით მიმართა. დეკანოზის სურვილი იყო, რომ მათთან იმ ჩვენების შესახებ ესაუბრა, რის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს, თუმცა, საპატრიარქომ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა. პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.